რუსულმა ოცნებამ დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყო - ენმ
რუსულმა ოცნებამ დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყო - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგანგებო განცხადებაშია საუბარი.
პარტიაში ამბობენ, რომ ჩიქოვანის სახლში შესვლა უკანონო და უმიზეზო იყო და ქართული ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის დავალებით მისი "საეჭვო რეპუტაციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის გადასაფარად" მოხდა.
"რუსული ოცნებას აღარ დარჩა რესურსი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე იარსებოს"- წერია განცხადებაში:
"რუსულმა ოცნებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ აბსოლუტურად კომიკური, ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული, იაფფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "რუსულ ოცნებას" არ შერჩა არანაირი მენტალური და მორალური რესურსი, ყოვლად ამაზრზენი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე განაგრძოს არსებობა.
ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალური და კანონისმიერი მუხრუჭი. ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის საეჭვო რეპუტაციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის გადასაფარად, ამავე პროპაგანდისტის მითითებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან სრულიად უკანონოდ შეუვარდნენ სახლებში ყველას - ყოველ მიზეზ გარეშე.
ხელისუფლების მდგომარეობის დამძიმება უკავშირდება მათი მხრიდან იმის გააზრებას, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, მათ ვერ გატეხეს ქართული საზოგადოება და საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს!" - წერია განცხადებაში.