კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე 4 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო.
საკითხი ეხება - ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას.
უწყების ცნობით, მოკვლევას საფუძვლად დაედო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.
განცხადების თანახმად, მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კომპანიებს, რომელთა მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს და ფარმაცევტულ ასოციაციებს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საშუალება ექნებათ პროცესში საკუთარი პოზიციები/ახსნა-განმარტებები წარმოადგინონ.