"ოცნებასთან" დაახლოებული კომპანია "გორბი" ოქროყანაში უკანონო მშენებლობას ახორციელებს - "ლელო"
"კალაძის აღვირახსნილი ურბანული პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითი" - "ლელო" ოქროყანაში უკანონო მშენებლობას აპროტესტებს. განცხადება ამის შესახებს აბა ბუაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ოპოზიციის წევრის თქმით, სააგარაკე ტერიტორიაზე უკანონო მრავალბინიანი სახლის მშენებლობას "ოცნებასთან" დაახლოებული კომპანია "გორბი" ახორციელებს. ბუაძე ამბობს, რომ ამის უფლება ხელისუფლებამ კომპანიას ჯილდოს სახით მისცა.
მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია უკანონო მშენებლობის შესახებ, რომელსაც აწარმოებს „ოცნების“ რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი“ და თბილისის მერია ამ კომპანიის მიერ წარმოებულ უკანონო მშენებლობას პირდაპირ აფარებს ხელს. ოქროყანაში, სადაც „ვილა ოქროყანა“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, იქ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ აგარაკებია და იცით, რომ ეს არის საააგარაკე ტერიტორია, რომელიც ფიჭვნარით არის შემოფარგლული, ეს კომპანია აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, რაც არანაირად არ ჯდება არცერთ სამშენებლო და მუნიციპალურ რეგულაციაში.
ამ კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო მუნიციპალური ინსპექციისგან ბრძანება მშენებლობის შეჩერების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, „ოცნებისთვის“ გაწეული სამუშაოსთვის ეს კომპანია დაჯილდოვდა და მათ მიეცათ ამ უკანონო სამარცხვინო მშენებლობის უფლება.
ეს არის კალაძის აღვირახსნილი ურბანული პოლიტიკის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი, სადაც ასეთი უკანონობის წარმოების უფლება ეძლევათ იმ ადამიანებს და იმ კომპანიებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ და პირადად კალაძის ინტერესებთან არიან დაკავშირებული. სახეზეა მორიგი დანაშაული დედაქალაქის წინააღმდეგ.მე მინდა მივმართო კიდევ ერთხელ მუნიციპალურ ინსპექციას, რომ ხელახლა დაინტერესდნენ ამ უკანონო მშენებლობით, მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, რატომ მოხდა ამ შეჩერების ბრძანების გაუქმება და რა შეიცვალა, მაშინ, როედსაც მათ გააუქმეს ის ბრძანება, - განაცხადა ბუაძემ.