სიმპტომურ მკურნალობას საააკაშვილი ამბულატორიულ კლინიკაშიც შეძლებს - "ვივა მედი"
„ვივამედში“ამბობენ, რომ მათთან მიხეილ სააკაშვილი სიმპტომურად მკურნალობს, რისი მიღებაც ამბულატორიულ კლინიკაშიც შეიძლება - განცხადება რამდენიმე წუთის წინ, ენდოკრინოლოგმა სოფო მებუკემ გააკეთა.
მებუკე ამტკიცებს, რომ რამდენიმე დღის წინ, (7, 8 და 9 მარტს) მიხეილ სააკაშვილის რაციონი გამრავალფეროვნდა, თუმცა შემდგომში მან კალორაჟი კვლავ შეამცირა.
მედიკოსი ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის, ძირითადად, მიაქვთ ის საკვები, რაზეც იციან, რომ შეჭამს და არა ის, რაზეც კლინიკა გასცემს რეკომენდაციას:
არ ვიცი, გაცილებით რთულად გადასამუშავებელი პროდუქტი როგორ შეიძლება იყოს მისთვის მარტივად ასათვისებელი. მე მიხეილ სააკაშვილთან ბოლო ვიზიტი 16 მარტს მქონდა. მას კიდევ ერთხელ შევთავაზე, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსილიუმი შექმნილიყო, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე.
კონსილიუმის შექმნა მანამდეც არაერთხელ შევთავაზე. მიხეილ სააკაშვილი, ასევე, უარს ამბობს რეაბილიტაციაზე, სამკურნალო მასაჟებსა და ფსიქოთერაპიაზე.
7, 8 და 9 მარტს ნამდვილად იყო ეპიზოდი, როდესაც მისი მენიუ გამრავალფეროვნდა. შემდგომში მას საკვებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ რაციონი კვლავ შეზღუდა.
„ვივამედის“ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც, კლინიკა პენიტენციურ სამსახურს მიმართავს, რომ პაციენტი სიმპტომურ მკურნალობას გადის და ამის მიღება სხვა კლინიკაშიც შეუძლია, მე მონაწილეობა არ მიმიღია. მიუხედავად ამისა, ვიზიარებ იმას, რომ სიმპტომური მკურნალობა ამბულატორიულ კლინიკაშიც კი შეიძლება. თუ მიხეილ სააკაშვილი სიმპტომურ მკურნალობაზე მეტს არ დათანხმდება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება“, - განაცხადა ენდოკრინოლოგმა.