უწყვეტი პროტესტი "რესპუბლიკურში"- მედიკოსები სამ მოთხოვნას აყენებენ

29.03.23 13:32
უწყვეტი პროტესტი "რესპუბლიკურში"- მედიკოსები სამ მოთხოვნას აყენებენ

"რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმების პროტესტი უფრო მასშტაბური ხდება - მედიკოსებმა საკუთარი მოთხოვნები დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერეს.

ისინი თანამდებობიდან კლინიკის დირექტორის გადაყენებას ითხოვენ და ამბობენ რომ ზაზა ავალიანი მათ ინტერესებს არ გამოხატავს. მედიკოსების კიდევ ერთი მოთხოვნაა, სახელმწიფო დაუბრუნდეს კლინიკის რეაბილიტაციის პირვანდელ პროექტს, რომელიც რეკონსტრუქციის პარალელურად კლინიკის მუშაობას ითვალისწინებს.

ექიმების მოთხოვნად რჩება პრემიერთან შეხვედრაც.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ, ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა.

ვითხოვთ, დაუბრუნდეთ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას. არსებული პროექტით რომელიც ითვალისწინებს კლინიკის რეაბილიტაციას მუშაობის უწყვეტობის პირობებში;

ვინაიდან კლინიკის მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, ეწევა მის დისკრედიტაციას და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან;

პრემიერმინისტრის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან არ მიდის სწორი ინფორმაცია. ამიტომ საკითხის საბოლოო დაზუსტების მიზნით, ვითხოვთ პრემიერმინისტრთან შეხვედრას" - ნათქვამია ექიმების განცხადებაში. 

"რესპუბლიკურში" ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც იმყოფებოდა. მან მედიკოსებს სოლიდარობა გამოუცხადა. 

პირველი "ლეიბორისტის" თქმით, ისტორიული დაწესებულების ადგილას ბინათმშენებლობა იგეგმება. ნათელაშვილი აპირებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მიმართოს. 

მსგავსი სიახლეები