ვენეციის კომისია გვწერს, რომ ერთი-ერთში უკრაინული კანონია - "ხალხის ძალა" დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას აანონსებს
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება. ,,ხალხის ძალის" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიიდან მიღებული დასკვნის შემდეგ, კანონი პრინციპულად მისაღებია და განგაშის საფუძელი არ არსებობს.
იმავეს ამბობენ ,,ქართული ოცნების" წევრებიც, ხელისუფლება არ აღიარებს, რომ კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ უარყოფითი დასკვნა დაწერა.
მოვიდა დასკვნა ვენეციის კომისიიდან, სადაც პირდაპირ წერია, ჩვენს კითხვაზე პასუხად, რომ დიახ, ეს არის უკრაინული კანონი ერთი ერთში და უკრაინულ კანონზე ევროკომისიის პრეზიდენტს ნათქვამი აქვს, რომ ეს არის კარგი და მისაღები კანონი და გამოდის, რომ პრინციპების დონეზე ეს კანონი მისაღებია. რადგან ოპოზიცია მიხვდა იმას, რომ ევროკავშირიდან შესაბამისი წარმომადგენლები ხედავენ, რომ ჩვენ ვიმუშავეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ გეგმასთან დაკავშირებული 99% შესრულებული გავქვს და იმ 1 პროცენტსაც უახლოეს დღეებში შევასრულებთ," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.