1993 წელს სკოლაში ვსწავლობდი, თუ ნახატის ბედი აინტერესებს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით - სამადაშვილი წულუკიანს
"ლელო-საქართველოსთვის" ლიდერი სალომე სამადაშვილი კულტურის მინისტრის ბრალდებას საგანგებო ბრიფინგით პასუხობს.
საუბარია, რამდენიმე თვის წინ, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებაზე, მაშინ მინისტრმა კალანდაძის ნახატის დაკარგვაზე პასუხისმგებლობა სამადაშვილს დააკისრა.
აღსანიშნავია, რომ 1993 წელს, რომელ პერიოდზეც მინისტრი აპელირებს, სალომე სამადაშვილი სკოლის მოსწავლე იყო და შეუძლებელია, ელჩის თანამდებობა დაეკავებინა.
"ლელოს" ლიდერმა დღეს ოფიციალური წერილი გაასაჯაროვა, საიდანაც დგინდება, რომ ნახატი, რომელზეც მინისტრმა 6 თვის წინ ისაუბრა, ბელგიაში საქართველოს საელჩოს 1993 წელს გადაეცა.
სამადაშვილი იხსენებს, 2005 წელს მას საელჩოში დახვდა ნახატი, რომელსაც ავტორის ხელმოწერა არ ჰქონდა, რის შესახებაც მან სამინისტროს აცნობა.
სექტემბერში როცა ქალბატონი წულუკიანი მოვიდა პარლამენტში, პირადად დამადანაშაულა, რომ ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში დაიკარგა ნახატი და ბრალი დამდო, რომ ეს დაკავშირებული იყო ჩემს საქმიანობასთან. მე მისგან ამასთან დაკავშირებით გამოვითხოვე ინფორმაცია. წულუკიანი ვალდებული იყო პასუხი გაეცა ორ კვირაში, თუმცა, პასუხი მოვიდა ახლა, მას შემდეგ, რაც განმეორებით მოვთხოვე ინფორმაცია.
მე არ ვიცი წულუკიანს რა ინფორმაცია ჰქონდა 1993 წელს მე პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი აქ და ელჩი ბრიუსელში იყო მათი წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში, ზურა აბაშიძე. ამიტომ ამ ნახატის ბედი თუ აინტერესებს, ვურჩევ, დაუკავშირდეს ზურა აბაშიძეს და ჰკითხოს 1993 წლიდან 2000 წლამდე როდესაც ჩაიტანა ეს ნახატები რა დატოვა საელჩოში, რა იქნა აყვანილი ბალანსზე.
წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით და დაინტერესებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ჩატანილია ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდში",- თქვა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ წულუკიანს არ უჩივლებს. "ლელოს" წევრი ამბობს, რომ კულტურის მინისტრი სასამართლოს მიერ უკვე არის დამნაშავედ ცნობილი თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლების გამო, რის გამოც ჯარიმების გასტუმრება საქართველოს ბიუჯეტს ასობით ათასი ლარი უჯდება.