"ოცნების" აღიარება - პარტიის ლიდერები რეგიონებში ხალხს რუსულ კანონზე ესაუბრებიან
"ქართული ოცნების" აღიარება - მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი „რუსულ კანონსაც“ ეხება.
მამუკა მდინარაძის მტკიცებით, კონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისას ხდება ყურადღების იმაზე გამახვილება, თუ როგორ იმუშავა „ფეიკ“ კამპანიამ აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ.
„რუსულ კანონსაც ეხება, მიმდინარე თემებსაც ეხება, ოღონდ პროცენტულად რომ წარმოიდგინოთ, 2-3% შეიძლება ვილაპარაკეთ ამ „რუსულ კანონზე“, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მიერ მონათლული რუსული კანონი, სინამდვილეში სულ არ არის რუსული და როგორი „ფეიკი“ დაალაგეთ თქვენ, ამაზე ველაპარაკებით, საათანხევრიდან, შეიძლება, 5 წუთის განმავლობაში. უამრავი სხვა თემაა და ეს არ არის ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი, ე.წ. „ფეიკ“ კამპანია, რომელსაც ალაგებს „ნაცმოძრაობა“ და მისი დამკვეთები, პატრონები, რიგ შემთხვევაში, გლობალური ომის პარტიის სხვა წარმომადგენლები და აქედან გამომდინარე, ამ თემასაც ვეხებით. ამიტომ, ნუ განიხილავთ პარტიულ კონფერენციებს ისე, რომ „ფეიკ“ კამპანიებს ეძღვნება ის. რაღაც ნაწილში, როდესაც საერთო თემებსა და გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ამ თემასაც, მათ შორის, ვეხებით“,- განაცხადა მდინარაძემ.
„ჩვენ პარტიის წევრს ვაცნობთ ინფორმაციას იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც განვითარდა ქვეყანაში, რომელიც მომავალში შეიძლება განვითარდეს. რაც შეეხება ამ კანონს ჩვენ გავუზიარეთ პარტიის წევრებს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ედო საფუძვლად ამ კანონპროექტის მხარდაჭერას თავიდან შემდეგ, რატომ იქნა გამოხმობილი ეს კანონპროექტი. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ პარტიის წევრებს. ყველა აქტუალურ თემაზე გვაქვს საუბარი პარტიის წევრებთან“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.