ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლომ არ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი - საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე
შვილების თაობის წარმომადგენლის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, სასამართლომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი არ გაითვალისწინა.
"ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მოსამართლის/სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის - პატიმრობის გამოყენებით (31.03.2023), სასამართლო იქცა მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ. სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი. განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე. მოსამართლე ვალდებულია საქმის განხილვა-გადაწყვეტისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი მასალა, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს არასამართლებრივ ცნებებს, რეალობას, რომელიც საქმის კონტექსტთანაა კავშირში." - წერს მაია კოპალეიშვილი Facebook-ზე.
ყოფილი მოსამართლის თქმით, სამართლიანი პროტესტის გაუთვალისწინებლობა უსამართლო სასამართლოზე მიუთითებს.
"სასამართლოს მხრიდან, ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემქმნელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით გამოწვეული სამართლიანი პროტესტის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობა, მიუთითებს სასამართლო მართლმსაჯულების მიკერძოებაზე, უხარისხო სასამართლოს აქტზე, რამაც ლაზარეს შემთხვევაში გამოიწვია უსამართლო სასამართლო, დაარღვია მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო გლობალურ ასპექტში, სასამართლო დასცილდა თავისი მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნას, რომლებმაც და, მათ შორის, ლაზარემ, ხელისუფლებას მოსთხოვეს ქვეყნის განვითარების ევროინტეგრაციის კურსის დაცვა და ამ მიზნით მიმართეს მშვიდობიან პროტესტს." - წერს მოსამართლე.