ქართველი ხალხი დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას იმსახურებს - პრეზიდენტის გამოსვლა ვილნიუსში

03.04.23 14:17
ქართველი ხალხი დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას იმსახურებს - პრეზიდენტის გამოსვლა ვილნიუსში

ქართველი ხალხი დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილმა კოლეგას სთხოვა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხაი დაუჭიროს. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება. 

დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ სირთულეებით სავსე 32 წელი გამოიარა. ქართველმა ხალხმა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა ამ დღეებში კიდევ ერთხელ და გასული წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია. ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული. გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალისხმევა გასწია.  დღეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია. მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც მთელი ქართველი ერის ხმა. საქართველო და ქართველი ხალხი დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას იმსახურებს. ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

საპასუხოდ ლიეტუვის პრეზიდენტმა პირდაპირ  თქვა, რომ თუ საქართველოს ევროინტერგარაცია უნდა, ხელისუფლებამ  პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიისთვის ხელის შეშლა უნდა დაასრულოს. 

ლიეტუვა და მისი ხალხი არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის მხარდაჭერის პერსპექტივები. გილოცავთ გასულ წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. გვსურს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის გზაზე სვლა არ არის მოკლე და მარტივი გზა. ხელშესახები რეფორმები საჭიროა, რომლებსაც შედეგები ექნება ქვეყნის მოქალაქეებისვის. იმედი გვაქვს, მთავრობისთვის  ეს იქნება მაკონსოლიდირებელი განახორციელოს რეფორმები. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიას. პრეზიდენტო, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მხარს ვუჭერ თქვენ მისწრაფებებს გაღრმავდეს თანამშრომლობა ნატოსთან, გარე ძალებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ  ქვეყნის შიდა საქმეებსა და საგარეო კურსის არჩევის გზაზე, - თქვა გიტანას ნაუსადმა. 

მსგავსი სიახლეები