"სენაკის მერის ბიძის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს" - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ სს „არქეოპოლისი“ სენაკის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.
ორგანიზაციის თქმით, კომპანიამ სენაკის მერიის 9 ტენდერი მოიგო, ჯამური ღირებულებით - 10 349 587 ლარი.
„ვახტანგ გადელია სენაკის მერად 2021 წელს აირჩიეს. ამის შემდეგ მისი ბიძის კომპანიამ სენაკის მერიის 9 ტენდერი მოიგო, ჯამური ღირებულებით - 10 349 587 ლარი. ამ ტენდერებში „არქეოპოლისს“ კონკურენტი მხოლოდ 3 შემთხვევაში ჰყავდა, მათ შორის ორჯერ - სენაკის მერის ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანია შპს „ინდიკო“.
ვახტანგ გადელია წარსულში თავადაც მუშაობდა სს „არქეპოლისში“ - 2009-2013 წლებში ის ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
სენაკის მერიის ტენდერებში სს „არქეპოლისის“ საეჭვო ჩართულობაზე 2022 წელსაც ვწერდით, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის შესაძლო ნიშნები არ/ვერ აღმოაჩინა”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.