„ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება“ - ტრამპის პირველი მიმართვა ბრალდების წაყენების შემდეგ
"ჩემი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ უშიშრად ვიცავდი ჩვენს ქვეყანას მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს“, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთი რამ შეიძლებოდა ამერიკაში მომხდარიყო"- თქვა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა 25 წუთიან მიმართვაში.
ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ბრალდება 34 დანაშაულის ეპიზოდში წარუდგინეს.
პრეზიდენტი ტრამპი ნიუ-იორკის, მანჰეტენის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე საათის წინ მივიდა, ის სასამართლოში მისვლისთანავე ფორმალურად დააკავეს, თუმცა მისთვის ამერიკის კონსტიტუციის შესაბამისად ხელბორკილები არ დაადეს და ბრალი წარდგენისთანავე გაათავისუფლეს.
დონალდ ტრამპს მანჰეტენის ოლქის პროკურატურა ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებას და პორნო ვარსკვლავის მოსყიდვას ედავება.
მანჰეტენის საოლქო სასამართლოს პროკურორმა ალვინ ბრაგმა თქვა, რომ ტრამპის მიზანი იმ ინფორმაციის დამავლა იყო, რასაც შეიძლებოდა ზიანი მიეყენებინა მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის.
“ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ“, - თქვაა ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამტკიცებს, რიმ ყველა ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება“ - დასძინა პრეზიდენტმა ტრამპმა.