მოსამართლეთა დასანქცირება უსაფუძვლოა! აშშ-ს ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარება სურს - ხალხის ძალა

06.04.23 13:59
მოსამართლეთა დასანქცირება უსაფუძვლოა! აშშ-ს ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარება სურს - ხალხის ძალა

ანტიდასავლური დაჯგუფების ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს ეხმიანება და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს თავს ესხმის. 

აშშ-ს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან იყო და არის მცდელობა, რომ ქართული მართლმსაჯულება აკონტროლოს. ამის მაგალითი აშშ-ს საელჩოში მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება და პასუხის მოთხოვნა იყო, თუ რატომ მიიღო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილება. მაშინ აშშ-ს ელჩმა ძალიან გულწრფელად თქვა, რომ ამაში ფული აქვთ გადახდილი და ვინც ფული გადაიხადა შეუძლია მოსამართლე დაიბაროს და საქმეები მოკითხოს, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს ქართულმა საზოგადოებამ არ გაიზიარა და როგორც ჩანს, ამაზე გაბრაზდნენ"- თქვა "ხალხის ძალის" ლიდერმა. 

მაჭარაშვილი აშშ-ს მიერ მოსამართლეთა დასანქცირებას „უსაფუძვლოს“ უწოდებს.

პირდაპირ ამბობენ, რომ მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ, რაც არ არსებობს, როგორ უნდა წარმოადგინონ?! როდესაც პარტნიორულ ურთიერთობებში პარტნიორისგან გულწრფელ ურთიერთობას ითხოვ და პარტნიორს სანქციების ენით, ომში ჩართვის ენით ელაპარაკები, ბუნებრივია, ეს პარტნიორულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუწყობს.

აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა. პირდაპირ ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ის ადამიანები არ ინიშნებიან, ვისზეც ჩვენ ვამბობთ, არ ნიშნავთ მოსამართლეებს ვისზეც ჩვენ გეუბნებით, ხოლო მოსამართლეები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც აშშ-ს საელჩოს არ მოსწონს. ამიტომ დასანქცირდნენ მოსამართლეები! ამ გზავნილით ისინი საქართველოს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და შემდგარ ქვეყანას ვერ ხედავენ, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები