"რომელ ჩამოსვენებაზე ხარ ნამყოფი, ან გარდაცვლილ ბიჭებს რას აყვედრი?" - დაპირისპირება "ოცნებასა" და აქტივისტებს შორის
საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნება" დარბაზში მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირდა.
"ოცნება" ამბობდა, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ გაუკეთებია იმდენი უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების გადმოსასვენებლად და დასაკრძალად, რამდენიც ქართულმა მხარემ გააკეთა.
„არცერთ საელჩოს არ გაუკეთებია იმდენი საკუთარი მოქალაქეების მშობლიურ მიწაზე გადასასვენებლად, არცერთ სახლემწიფოს, სამხედრო პატივით, არცერთი უკრაინაში გარდაცვლილი არ დაუსაფლავებიათ, თან ეს თქვენ კარგად იცით და რომელი მუნიციპალიტეტი, რომელი გარდაცვლილი ოჯახს როგორ დაეხმარა, ამაზე აქვე ვილაპარაკოთ?" - თქვა ლადო ბოჟაძემ.
"ოცნების" დეპუტატის ამ განცხადებამ სხდომაზე მყოფი აქტივისტები გააღიზიანა.
"რომელ ჩამოსვენებაზე ხარ ნამყოფი? ან გარდაცვლილ ბიჭებს, რომ აყვედრი ნორმალური საქციელი გგონია? შენი აზრით ხელისუფლებაზე მეტი გააკეთა ქართველმა ხალხმა?" - ყვიროდნენ აქტივისტები.
ლადო ბოჟაძემ აქტივისტების გაჟღერებულ ბრალდებებს სასირცხვილო ქმედება უწოდა.
ქართველი ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვა რომ გგონია, იმიტომ გაქვთ თქვენი ადგილი მიჩენილი იქ სადაც გაქვთ. სირცხვილი რა არის ძალიან კარგად ვიცი მე. სირცხვილი არის ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, საკუთარ ქვეყანას იმაში ადანაშაულებთ, რომ უკრაინისთის არაფერი გაუკეთებია.“- თქვა ბოჟაძემ.
აქტივისტებს კი არ უკვირთ "ოცნების" განცხადებები და ამბობენ, რომ არ შეიძლება შალვა რამიშვილის დამცველ ადამიანებს ქართველი მებრძოლების პატივისცემა მოსთხოვო.
„შედარებები მოჰყავთ რა გააკეთა სხვა სახლემწიფომ თავისი მებრძოლებისთვის რა გააკეთა ჩვენმა სახელმწიფომ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული და რუსეთი ჩვენი დიდი მტერია და ამის შეგნება არ აქვთ ამ ადამიანებს, რომლებიც იცავენ მოძალადეებს, შალვა რამიშვილს იცავენ ეს ადამიანები და როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ქართველი მებრძოლების პატივისცემა მოვთხოვოთ. ელემენტარული სკვერი და მემორიალი ვერ გავაკეთებინეთ და იმ დისკომფორტის გამო უნდათ ახლა ჩვენი გაშვება“. - ამბობს აქტივისტი.