ვინ არის ოლიგარქი? - "ოცნება" რეპრესიული კანონპროექტის განხილვას იწყებს

12.04.23 11:58
ვინ არის ოლიგარქი? - "ოცნება" რეპრესიული კანონპროექტის განხილვას იწყებს

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას მაინც აპირებს. საკითხის განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეა დაგეგმილი.

რეპრესიული კანონის მიღებას "ოცნება" აპირებს, თუმცა ამის პარალელურად, ხელისუფლება პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" კანონპროექტს  "ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ" ბლოკავს.

ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართული ოცნებისთვის" ბიძინა ივანიშვილი კანონზე მაღლა დგას.

შესაძლებელია თუ არა სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელიც მოახდენს პრევენციას ოლიგარქიის? ვერა, იმიტომ, რომ ოლიგარქია უკვე ხელისუფლებაშია და ოლიგარქია არასდროს არ მიიღებს კანონს, რომლითაც საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს. "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი გააკეთა ბიძინა ივანიშვილსა და ევროკავშირსა და ნატოს შორის და აირჩიეს ბიძინა, შესაბამისად, რას ველოდებით ამ ხალხისგან დეოლიგარქიზაციის კანონი, დეოლიგარქიზაცია მოხდება ამ ქვეყანაში, როცა ხალხი გამოვა ქუჩაში. ოპოზიციაში არანაირი ადამიანი არ არსებობს, რომელსაც გავლენა შეუძლია ხელისუფლებაზე, ამიტომ ოპოზიციაში ოლიგარქები არ არიან, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.