ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში? - ამერიკაში ჩასულ ფინანსთა მინისტრს მძიმე კითხვები დაუსვეს

13.04.23 13:06
ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში? - ამერიკაში ჩასულ ფინანსთა მინისტრს მძიმე კითხვები დაუსვეს

ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში? - ეს კითხვა დაუსვეს ამერიკაში ჩასულ საქართველოს ფინანსთა მინისტრს. ლაშა ხუციშვილის სანქციების კოორდინაციის ჯგუფის ხელმძღვანელს ვაშინგტონში დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ეს ინფორმაცია დღეს ამერიკის ელჩმა დაადასტურა.

დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და სანქციების კოორდინაციის ჯგუფის ხელმძღვანელს შორის სანქციების თავის არიდებაზე იყო საუბარი.

„ჩვენ  საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის  ომის დაწყების შემდეგ ხშირად ვცვლით ინფორმაციას მათ შორის ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამ თანამშრომლობაში ჩართულია ისეთი სააგენტოები, როგორიც არის საბაჟო საგადასახადო სასაზღვრო პატრული და წლების განმავლობაში ეს თანამშრომლობა გრძელდებოდა სხვადასხვა სწავლებებით. აღჭურვილობის გადაცემით და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა დღეს ამ სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც რუსეთი ცდილობს სხვადასხვა გზებით თავი აარიდოს სანქციებს. ზუსტად ამ მჭიდრო თანამშრომლობას და მონიტორინგის გაუმჯობესებას ემსახურებოდა ეს შეხვედრა. მოხდა ინფორმაციის გაცვლა და ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება ხელი შევუშალოთ რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდების საკითხში, რომელიც მათ არამხოლოდ აშშ-მ არამედ ევროპამაც, იაპონიამდე დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა. ვიმსჯელეთ როგორ უნდა შევუშალოთ ხელი რუსეთის ომის მანქანას უკრაინაში ამ კუთხით ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს საქართველოს უწყებებთან“ - ამბობს კელი დეგნანი.

ამერიკასა და ბრიუსელში ახლა მთავარი კითხვები სწორედ რუსული ომის მანქანის ხელის შეწყობაზე ისმება, რაც აჩენს განცდას, რომ სანქციებს ამზადებენ ყველასთვის, ვისი კვალიც კრემლამდე მიდის. თუმცა ლაშა ხუციშვილის უწყებას გავრცელებულ განცხადებაში არაფერი უხსენებია აღნიშნულ საუბარზე.