"ფაქტებში ვერ ერკვევა" - სარჯველაძე სააკაშვილის შესახებ ზელენსკის განცხადებაზე

15.04.23 18:36
"ფაქტებში ვერ ერკვევა" - სარჯველაძე სააკაშვილის შესახებ ზელენსკის განცხადებაზე

ზელენსკი ფაქტებში ვერ ერკვევა - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას "ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე.

სარჯველაძის თქმით, არ შეიძლება ემოციების დონეზე ან უბრალოდ პიარის შედეგად ჩამოყალიბებული ემპათიის გამო კეთდებოდეს ასეთი განცხადება.

"მე მგონია, რომ ფაქტებში ვერ ერკვევა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც ამ საკითხებზე კომენტარს აკეთებს. არ ვიცი რამდენად განსწავლულია ის იურისპრუდენციაში, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ის იცლის ამ საკითხებზე, როგორც ჩანს ის მიიჩნევს ამას მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მისი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მაგრამ უმჯობესია, რომ ასეთ დროს თვითონ გარემოებებშიც ჩახედვა მოხდეს. იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ ასე ემოციების დონეზე ან უბრალოდ პიარის შედეგად ჩამოყალიბებული ემპათიის გამო კეთდებოდეს ასეთი განცხადება, რომელიც ევფემიზმი რომ გამოვიყენოთ, მე ვფიქრობ, რომ გადაუმოწმებელია," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.  

ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ტრადიციულ, ყოველდღიურად ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. ზელენსკი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქის გადარჩენის ერთადერთ გზას ახლა ევროსასამართლოში გაგზავნილ სარჩელში ხედავს.