"შესაძლოა, აქციების დასაშლელად გამოიყენონ" - სამხედრო პოლიციას უფლებებს უზრდიან

17.04.23 17:17
"შესაძლოა, აქციების დასაშლელად გამოიყენონ" - სამხედრო პოლიციას უფლებებს უზრდიან

სამხედრო პოლიციას უფლებებს უზრდიან. თავდაცვის კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. წერია, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, შეეძლებათ გამოიყენონ პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებები.

გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება სამხედრო პოლიციის დანაყოფს აქციის დასაშლელად გამოიყენებს.

ზუსტად ამისთვის არის ეს ცვლილებები შეტანილი, რომ სამხედრო პოლიციამ აქციების დასაშლელად გამოიყენონ სპეც-საშუალებები. მე მინდა მეტიც ვთქვა, რომ  ეს სამხედრო კოდექსი, რომელიც 2025 წელს შევა ძალაში, მანამდე ენმ-ს აქვს თავისი ჩამოყალიბებული სამხედრო კოდექსი აქვს, ყველა საქმის კურსშია, ჩვენ  მალე მოვალთ ხელისუფლებაში და რა თქმა უნდა, ამ კოდექსს შევიტანთ ძალაში". - ამბობს დევი ჭანკოტაძე.

"გირჩის" წევრი სანდრო რექვიაშვილი ამბობს, რომ თუ სამხედროს პოლიცია სპეც-საშუალებებს აქციაზე გამოიყენებს, ეს სამოქალაქო ომის ტოლფასი იქნება. 

სად უნდა გამოიყენოს სამხედროს პოლიციამ ეს სპეც-საშუალებები? თუ სამხედროს ბუნტია, იქ წყლის ჭავლით ვერ უშველი სიტუაციას და მეტი სად უნდა წარმოვიდგინოთ ბევრი ადამიანის თავშეყრა, რომ ეს დასჭირდეთ, ამიტომ, ამან შესაძლოა კითხვები გააჩინოს. მთლიანად თვითონ კოდექსი არ არის გააზრებული და მექანიკურად რაღაცები გადაწერილ-გადმოწერილია. მაგრამ, მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს მართლაც გამოიყენონ აქციების დროს. იმიტომ, რომ ჩათვალეთ, ეს მართლა სამოქალაქო ომის ტოლფასია". - ამბობს სანდრო რექვიაშვილი.