ვიწყებთ კონსულტაციების ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობასთან, პარტიებთან, NGO-ებთან - "დროა"

18.04.23 12:48
ვიწყებთ კონსულტაციების ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობასთან, პარტიებთან, NGO-ებთან - "დროა"

პარტია "დროა" ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობასთან, პარტიებთან, NGO-ებთან კონსულტაციებს იწყებენ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას არ შეწყალებით და სტრასბურგში ვიზიტით ჩაშლით კიდევ ერთხელ მოხდა ევროპული გზის საბოტაჟი.

"ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამას შევეგუოთ, არ ვაპირებთ, რომ რამე სხვა დღის წესრიგით, ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს, როგორც ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციასთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუ როგორ გამოვასწოროთ მეორედ მიყენებული უდიდესი დარტყმა ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის", - თქვა ხოშტარიამ. 

"დროას" წევრი  ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას არშეწყალებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ყველა გადაწყვეტილებას იღებს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ისევ არ შეიწყალა ნიკა გვარამია, ნიკა გვარამია, რომელიც 11 თვეზე მეტია უდანაშაულოდ ზის ციხეში. საქართველოს პრეზიდენტს ეს უსამართლობა შეეძლო შეეწყვიტა კანონით, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში არ არსებობს ხელისუფლების არც ერთი შტო, არც ერთი ინსტიტუტი, არც ერთი ფორმალური თანამდებობის პირი, რომელიც დამოუკიდებლად, სინდისისა და სამართლის მიხედვით, ქვეყნის ევროპული არჩევანის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას. ყველა გადაწყვეტილებას იღებს ამ ქვეყნის ერთადერთი, რეალური, არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი და ყველა ინსტიტუტი, ყველა თანამდებობის პირი ემსახურება მისი სურვილების ასრულებას", - თქვა გოგუაძემ.