მურუსიძემ 3 წელიწადში ნახევარი მლნ დახარჯა, რატომ არ დაინტერესდით, საიდან? - ხაბეიშვილი "ოცნებას"
რატომ არასდროს დაინტერესდით, საიდან აქვს მურუსიძეს ნახევარი მილიონი ლარი? - ეს კითხვა ლევან ხაბეიშვილმა "ქართულ ოცნებას" ბიუროს სხდომაზე დაუსვა. ენმ-ს თავმჯდომარემ ხელისუფლებას მოუწოდა, კლანის ბოსის ქონებით და შემოსავლებით დაინტერესდეს.
როგორ არ გაგმიჩნდათ კითხვა, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში 300 ათასი ლარი რომ მიწის ნაკვეთში გადაიხადა მურუსიძემ, ერთი 200 ათასი სახლის რემონტს რომ დაამატა, მერე 102 ათას ლარად მერსედესი რომ იყიდა, თან დეკლარაციაში უწერია, პანდემიის პირობებში იყიდა, გაჭირვება, ეკონომიკური სიდუხჭირე, უბედურება რომ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ასეთ რაღაცეების დახარჯა. რატომ არასდროს დაინტერესებულხართ?, - თქვა ხაბეიშვილმა.
ოპოზიციამ დღეს საგამოძიებო კომისისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე საკითხის დღესვე განხილვაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.