ოპოზიციამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რატომ ფინანსდებიან ევროპელი პენსიონერებისგან ნაძარცვი ფულით - ღარიბაშვილი

18.04.23 14:30
 ოპოზიციამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რატომ ფინანსდებიან ევროპელი პენსიონერებისგან ნაძარცვი ფულით - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დავით კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ქართულ და ევროპულ საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ ფინანსდებიან „ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით“.

საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ არნახული მასშტაბის, უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც თითქმის ერთი მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. რეალურად, გახსოვთ, რომ ბოლო ერთი წელია, მუდმივად ისმოდა ბრალდებები რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც თავად ფინანსდებოდა და ფინანსდება ამ მოპარული, ნაძარცვი ფულით. ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ შემაშფოთებელი ფაქტია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ქართულმა საგამოძიებო სამსახურებმა საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპელმა პარტნიორებმა, რომლებიც ქართველ ოპოზიციონერებს შეხვდებიან, უნდა იცოდნენ, რომ მათი მოქალაქეების მძარცველის ფულით დაფინანსებულ პოლიტიკოსებს ხვდებიან.

„ასე რომ, როცა ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენ ევროპელ მეგობრებს, პარტნიორებს, მინდა, ჩვენ ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან, აი, მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა... 

ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველდღე უნდა მოიხადონ ბოდიში, ახლა როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე და უნდა მისცენ ახსნა- განმარტებები, თუ რატომ ფინანსდებიან მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით, ევროპელი პენსიონერების მოპარული ფულით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.