პროცედურული ომი პარლამენტში - რისი ეშინია "ქართულ ოცნებას"?
"ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად აღიარა, რომ სასამართლოში კორუფციაა, მოსამართლეებს ღამის სატელეფონო ზარებით აიძულებენ გადაწყვეტილებების მიღებას და კლანს ძალაუფლება მიტაცებული აქვს. სხვა ახსნა რთულია მოუძებნო, შიშს, რასაც ბოლო ორი დღეა ვხედავთ.
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღეს ქართულმა ოცნებამ პროცედურული ომით ბოლო ორ დღეში უკვე მეორედ დაბლოკა.
რისი ეშინია მმართველ პარტიას?! დღეს ცნობილი გახდა, რომ კომისიის სხდომებზე ყოფილი მოსამართლეები ჩვენების მიცემას და დღემდე დამალული ამბების გამოფენას აპირებდნენ, ახლა სწორედ ამ მხილების სერიის შეჩერებას ცდილობს ივანიშვილის პარტია.
უმრავლესობას ისე გაუჭირდა, რომ დღეს კონსტიტუციური ჩანაწერის აღსრულებას ხელი დემონსტრაციულად შეუშალეს, არადა სწორედ ქართული ოცნების ინიციატივით ჩაიწერა ქვეყნის მთავარ კანონში, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია.
ის რაც პარლამენტში ხდება ყველაზე ნათელი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად სასამართლო კლანის მხილების ეშინია. ორჯერ დემონსტრაციულად საკითხის ჩაგდება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისთვის სასამართლო სისტემის გაშიშვლება ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია.
კომისიის შექმნის შემთხვევაში, რომელი მოსამართლე არის მზად პირველი ჩვენება მისცეს ამ კომისიას? - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟი