"გამოიჩინეთ ადამიანობა და შეხვდით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს" - ქალი დეპუტატები პრემიერს

20.04.23 15:54
"გამოიჩინეთ ადამიანობა და შეხვდით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს" -  ქალი დეპუტატები პრემიერს

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს მხარდაჭერას უცხადებენ და ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებენ, ბავშვების მშობლებს შეხვდეს.

ანა ნაცვლიშვილს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, თან ჰქონდა წერილი, რომელიც 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნა და მშობლებს დაჰპირდა, რომ ამ მედიკამენტისთვის საჭირო თანხების ჩასმა 2023 წლის ბიუჯეტში მოხდებოდა.

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ითხოვენ, დაუყოვენებლივ მოხდეს ამ ბავშების წამლით დაკმაყოფილება.

"ჩვენ გვინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს, რომლებიც მერამდენე დღეა ათენებენ საქართველოს კანცელარიის წინ, ითხოვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მათი შვილებისთვის. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს გამოიჩინოს ელემენტარული ადამიანობა და შეხვდეს ბავშვების დედებს, რომლებიც ქარში წვიმაში, მზეში ყველანაირ ამინდში დგანან და ითხოვენ პრემიერთან შეხვედრას.

შეხვდით ბატონო პრემიერო, დედები ითხოვენ თქვენთან შეხვედრას. ასევე მივმართავთ მას და მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა, რომ ამ ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტის საკითხი გადაიჭრას უსწრაფესად, ამ ბავშვებს და მათ ჯანმრთელობას არ აქვთ ფუფუნების უფლება, რომ ელოდონ თვეები და წლები გადაწყვეტილებას.

მე ხელთ მაქვს წერილი, რომელიც 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ გაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს და ასევე მშობლებსაც დაჰპირდა, რომ ამ მედიკამენტისთვის საჭირო თანხების ჩასმა 20-23 წლის ბიუჯეტში მოითხოვა სამინისტრომ, მაშინ რაღაზეა საუბარი დღეს გახდა ამ წამლის ეფექტიანობა საკამათო? მაშინ, რატომ ითხოვდნენ 20-22-ში ფულის გამოყოფას თავად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. დაუყოვნებლივ მისაღებია გადაწყვეტილება.

მესამე, ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს აქვთ ასევე დამატებითი ჯანმრთელობის და სოციალური საჭიროებები სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა აღრიცხოს ეს საჭიროებები და უმოკლეს ვადაში დააკმაყოფილოს ის სერვისები რაც ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს სჭირდებათ". - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. დედებმა წუხანდელი ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს.

მშობლებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ, სურთ საკუთარი შვილებისთვის მედიკამენტი, რომელიც ძვირია, აზარაშვილთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ამიტომ ახლა დედები პასუხებს პრემიერისგან ითხოვენ.

 

მსგავსი სიახლეები