“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონი ნაკლოვანია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანალიზი

21.04.23 14:14
“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონი ნაკლოვანია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანალიზი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის ანალიზს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონი ნაკლოვანია, რადგან დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ ბიუროს არ ანიჭებს საგამოძიებო ფუნქციას და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის ფუნქციად რჩება.

„კანონის თანახმად, ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, თუმცა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება ძირითადად ფორმალური ხასიათისაა. ბიუროს უფროსის დანიშვნა და კანონით დადგენილ შემთხვევებში გათავისუფლება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. კანონი ასევე არ ითვალისწინებს ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიებს, მაგალითად, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, ჩხრეკის აკრძალვას საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე.

კანონით ასევე არ არის უზრუნველყოფილი ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციაზე მისაწვდომობის სათანადო გარანტიები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ბიუროს მიერ ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის. ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმა ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებში გააერთიანა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, აუდიტის სამსახურისა და საჯარო სამსახურის ფუნქციები.

კორუფციასთან ბრძოლის ცენტრალიზებული მოდელის შექმნა მისასალმებელია და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს. იმისთვის, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ წარმატებით შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს: კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების უფლებამოსილება; საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული ფუნქციები, მათ შორის: მამხილებელთა დაცვა, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სამართლებრივი ნორმების შესრულების კონტროლი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დანიშვნა, რადგან პრემიერ-მინისტრის მიერ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის. ასევე საპარლამენტო რესპუბლიკაში მნიშვნელოვანია პარლამენტი ეფექტურად ახორციელებდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ზედამხედველობას და უზრუნველყოფილი იყოს ანტიკორუფციული ბიუროს რეალური ანგარიშვალდებულება წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე. მიზანშეწონილია კანონი კრძალავდეს სამსახურის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ისევე როგორც იკრძალება მაგალითად სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და არაერთი თანამდებობის პირის შემთხვევაში. დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირებისა და დემოკრატიული მმართველობისთვის ასევე აუცილებელია აკრძალული იყოს პირის არჩევა თანამდებობაზე ზედიზედ ორი ვადით. მნიშვნელოვანია ანტიკორუფციულ ბიუროს ჰქონდეს შეუზღუდავი და პირდაპირი წვდომა ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც ჭირდება კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ფუნქციების სრულფასოვანი შესრულებისათვის. დადებითად უნდა შეფასდეს კანონმდებლობით ანტიკორუფციული ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დადგენა, თუმცა ინფორმაციის წვდომის აღნიშნული მექანიზმებით არაერთი ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს და ეს მექანიზმები არ არის საკმარისი კორუფციასთან ეფექტური ბრძოლისა და ფუნქციების ოპერატიულად შესრულებისათვის.

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის მნიშვნელოვანია ანტიკორუფციულ ბიუროს წვდომა საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან კანონით იყოს გარანტირებული, რაც ასევე წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის ანალიზი სრულად

მსგავსი სიახლეები