„სოლიდარობას ვუცხადებთ მოსამართლეებს, "ნაცმოძრაობა“ სასამართლო თემაზე კომისიას ვერ შექმნის" - კობახიძე
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლო თემაზე კომისიას ვერ შექმნის.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას პრინციპული პოზიცია აქვს და მხარდაჭერას უცხადებს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს.
„უზრუნველვყოფთ, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლო თემაზე კომისიას ვერ შექმნის და ასევე, უზრუნველვყოფთ პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას, ამის პირობას ვდებთ.
საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია და ეს უკავშირდება ერთადერთ რამეს - ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს; სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ მოსამართლეებს. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. უხეში მცდელობაა, ჩაერიონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში. კომისიის შექმნის ინიციატივაც, სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, მათთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დასანქცირება იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს.
ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დაფიქსირება გჭირდება. ჩვენ ვიყენებთ შესაბამის პროცედურულ მექანიზმებს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში. კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას გვედავებიან ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში პარლამენტში არ შემოდიოდნენ. მათ სწორად შეახსენეს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ისინი დღემდე სარგებლობენ პარლამენტის წევრის მანდატებით. რაც შეეხება კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებას, ეს არის ჩვენი პრინციპი და ვმოქმედებთ სწორედ კონსტიტუციის და რეგლამენტის ფარგლებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.