მზად ვარ, ლაზარე გრიგორიადისს თავდებში ჩავუდგე - ლევან ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მზად არის, 21 წლის ლაზარეს გრიგორიადისს თავდებში ჩაუდგეს. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყველა იმ გარემოებაზე საუბრობს, რის გამოც ახალგაზრდა მომიტინგის გათავისუფლება უნდა მოხდეს.
არანაირი სამართლებრივი საფუძველი, 21 წლის ლაზარეს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ არსებობს! მოწმეებზე, ანუ "რობოკოპებზე", განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე, 21 წლის ლაზარე ზემოქმედებას, ზეწოლას ვერ განახორციელებს. მისი მიმალვაც გამორიცხულია, მითუმეტეს უმარტივესია, რომ აკონტროლონ მისი ქვეყნიდან გასვლის საკითხი და ასევე, აბსოლუტურად შესაძლებელია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამაჯურით მოხდეს მისი გათავისუფლება.
შემდეგ სასამართლო სხდომაზე, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის პირობებში, მზად ვარ, მე ლევან ხაბეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადის, - წერს ხაბეიშვილი.