რამ (ვინ) გააჩუმა პრეზიდენტი?! - ჟურნალისტური გამოძიება
რა მოხდა 12-13 აპრილს სალომე ზურაბიშვილის ცხოვრებაში? - იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი კაცი, რომელმაც პრეზიდენტს ევროპარლამენტში ვიზიტზე და ნიკა გვარამიას შეწყალებაზე უარი ათქმევინა?
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 12 აპრილს, ვიზიტის ჩაშლამდე ერთი დღით ადრე, ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში 6 სანდო ადამიანს შეხვდა და გეგმები გაანდო, რომელიც რამდენიმე საათში რადიკალურად შეიცვალა. საბოლოოდ, მოკლე წერილობითი განცხადებით თქვა, რომ პრემიერმა ხელი შეუშალა და ევროპარლამენტში ამის გამო აღარ წავა.
პრეზიდენტი ევროპარლამენტში ვიზიტის ჩაშლის შემდეგ დუმს, მანამდე კი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს ბრიფინგზე მართავდა და "ქართულ ოცნებას" ევროპული კურსიდან გადახვევაში ამხელდა.
რამ გააჩუმა პრეზიდენტი?
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ევროპარლამენტში ვიზიტის გაუქმება ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, მას შემდეგ რაც "ტვ პირველთან" ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილთან ლაპარაკი უნდა, ის კი არ ეკონტაქტება, კომუნიკაცია შედგა.
12 აპრილს დღის პირველ საათზე, ევროპარლამენტში გამგზავრების წინ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სადილზე 6 ქალი დაპატიჟა, ეკა ბესელიას, ეკა გიგაურს, ნათია მეზვრიშვილს, სალომე სამადაშვილის, ანა ნაცვლიშვილსა და ხათუნა სამნიძეს, არაფორმალური გარემოში პრეზიდენტმა, უთხრა, რაზე აპირებდა საუბარს ევროპარლამენტში გამოსვლის წინ.
"დაგვრჩა განცდა, რომ ის ნიკა გვარამიას შესაწყალებლადაც მზად იყო"- ეუბნება შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე შაბათის ეთერს, თუმცა ინტერვიუზე ყველა კატეგორიულ უარს ამბობს.
წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ვიზიტის გაუქმებამდე სალომე ზურაბიშვილს მაგიდაზე ედო იმ პატიმრების სია, ვის შეწყალებასაც სააღდგომოდ აპირებდა, მათ შორის ფიქრობდა ნიკა გვარამიაზე.
ვინ გადააფიქრებინა პრეზიდენტს სტრასბურგში წასვლა და გვარამიას შეწყალება - ნახეთ ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი