ექსკლუზივი: რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქს თბილისში სასახლის მშენებლობის უფლება მღვდლებმა ჩაუწყვეს
რის სანაცვლოდ გასცა წყნეთში სასახლის მშენებლობის უფლება საქართველოს ხელისუფლებამ - 17 ათას 162 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, იქ სადაც წლების წინ, წყნეთის საბჭოთა სამთავრობო აკარაკები იყო, ახლა ქვეყნის ყველაზე დიდ სასახლეს, რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი, თამაზ სომხიშვილი აშენებს.
შუასაუკუნეების სამეფო სასახლის სტილში შენობის აშენების უფლებას თბილისის მერია სომხიშვილს წლების განმავლობაში არ აძლევდა, მას ხეები უნდა გაეჩეხა, ამიტომ მერია სკანდალს ერიდებოდა და მილიონერს უარით ისტუმრებდა, თუმცა "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულები ადასტურებს, რომ რუსეთის ნავთობის ბიზნესის ერთ-ერთი ყოფილი მაგნატი და ე.წ. კანონიერ ქურდებთან მჭიდრო კავშირში მხილებული თამაზ სომხიშვილი საქმეებს ხელისუფლებასთან სასულიერო პირების დახმარებით ალაგებდა.
გავლენიანი სასულიერო პირის და რუსეთში გამდიდრებული თამაზ სომხიშვილის მოლაპარაკებების დეტალები სუს-ის ფაილებში ინახება.
ირკვევა, რომ თამაზ სომხიშვილის შუამავალი მამა გიორგისთან მივიდა და სთხოვა, მილიარდერისთვის წყნეთში საბჭოთა სამთავრობო აგარაკების ტერიტორიაზე სასახლის მშენებლობის ნებართვა გაეკეთებინა. სატელეფონო მოსმენების ჩანაწერებით დგინდება, რომ ზვიადაძე ბიზნესმენს საქმის მოგვარებას დაჰპირდა.
მოპოვებული ინფორმაციით, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს აცნობა, რომ მისი თხოვნით, დაბა წყნეთში სახლის მშენებლობისთვის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ესაუბრა ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას, რომლის განცხადებითაც, მშენებლობის დაწყების შემთხვევაში ადგილზე აუცილებელი გახდება ხეების მოჭრა, რაც წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში გამოიწვევს ვნებათაღელვას. დავით ნარმანიას თქმით, მას ესმის სომხიშვილის მდგომარეობის და მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაცემას დაჰპირდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ“ - წერია სუს-ის კრეფსებში.
ვინ არის თამაზ სომხიშვილი და რის სანაცვლოდ ერევა მისი პირადი საქმეების მოგვარებაში ეკლესია?!
მოსმენების სამსახურის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით ირკვევა, რომ სომხიშვილი საპატრიარქოს რუხი კარდინალის შორენა თეთრიაშვილის ახლო მეგობარია, მისი სანდო ხალხი ჰყავს საპატრიარქოს დაცვაში, პირდაპირ კავშირზეა ეპისკოპოსებთან და ნაწილს დიდი ფულსაც ჩუქნის. ერთ-ერთი მთღვდელმათავრს სომხიშვილმა მოსმენების სამსახურის სტენოგრამების თანახმად 95 ათას დოლარიანი სესხიც კი დაუფარა.
რაც შეეხება სასახლეს, სომხიშვილს შენობის აშენება ისე უნდოდა, რომ საქმეში ივანიშვილიც კი ჩარია. ოლიგარქს შეახსენა, რომ 2012 წელს სააკაშვილის დამარცხებაში დაეხმარა და ვალების დაბრუნების დროა.
საბოლოოდ, რამდენიმე უარის შემდეგ, 2018 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე თვეში სომხიშვილს სასახლის აშენების უფლებაც მისცეს და ხეებიც მოაჭრევინეს.
რუსული ფულის პატრონის ამბავი - ვრცლად მაკა ანდრონიკაშვილის სიუჟეტში