საქართველოს მოქალაქეები ევროპელი პენსიონერების შემდეგ - "შაბათის ეთერმა" საუკუნის ძარცვის დეტალები გაშიფრა

22.04.23 21:20
საქართველოს მოქალაქეები ევროპელი პენსიონერების შემდეგ - "შაბათის ეთერმა" საუკუნის ძარცვის დეტალები გაშიფრა

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - ევროპელი პენსიონერების ძარცვის შემდეგ, თაღლითები ქოლ-ცენტრებიდან უკვე საქართველოს მოქალაქეების ძარცვაზე გადავიდნენ. 

"შაბათის გუნდის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეაღწიეს თაღლითური სქემის ლაბირინთებში და გაშიფრეს საუკუნის ძარცვის სქემა, მოიპოვეს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებენ საქართველოს მოქალაქეებს და მათ საბანკო ანგარიშებს, ქართველებისვე ძარცვისთვის. 

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა თაღლითების მიერ დაშვებული საბედისწერო შეცდომების შედეგად მოახერხა ხელში ჩაეგდოთ ე.წ. ქოლ-ცენტრების ანგარიშები და მოკავშირის პირადი ნომერიც კი. 

ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის, სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას ფოტოსურათებაინი რეკლამით დაიწყო, როცა სოციალურ ქსელში შეეცადნენ ჩვენს დარწმუნებას, რომ თუ მათ გზას დაადგებით, მალე გამდიდრდებით, ჩამოთვლილი პოლიტიკოსების ფოტოზე თითის ერთი დაჭერის შემდეგ თაღლითების ჯგუფმა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტის ნომერზე დარეკა. 

როგორ ატყებენ ხალხს?

რიგით მოქალაქეს არწმუნებენ, რომ თუ ვებ-გვერდზე, საბანკო ბარათის მონაცემებს შევიყვანს და იქიდან ფულს გადარიცხავს, კლიენტი შეძლებს, ნავთობ ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყოს და "სოკარის" აქციონერი გახდება. ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობკომპანიის აქციებით ივაჭრებს, ნავთობს იაფად იყიდის და ძვირად გაყიდის. 

თაღლითებმა სატელეფონო კომუნიკაციის დროს, "შაბათის ეთერის" ჟურნალისტს მეტი დამაჯერებლობისთვის უთხრეს ისიც, რომ მათ ოფისი საქართველოშია, ქალაქ თელავშია და იქიდან ატრიალებენ მილიონებს.

ირკვევა ისიც, რომ ამ თაღლითურ სქემაში ივანიშვილის სახელს აქტიურად იყენებენ. ქოლ-ცენტრის ოპერატორმა ჟურნალისტს უთხრა ისიც, რომ გამდიდრების პროგრამა ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეიმუშავეს.

ფსიქოლოგიური წნეხის შემდეგ, მოქალაქეს (გამომძიებელ ჟურნალისტს)  არწმუნებენ, რომ ვირტუალურ ბიზნესში ფული უნდა ჩადოს.

"ტვ პირველის" ჟურნალისტი ქოლ-ცენტრის წარმომადგენელს თანხმდება.  ამის შემდეგ მას ვებ-გვერდზე დაშვების კოდს აძლევენ, სადაც პირადი ანგარიშის უხსნიან. 

"შაბათის ეთერმა" რომ საბანკო ბარათის მონაცემები ქოლ-ცენტრის ოპერატორის მისცეს, თანხას მოხსნიან და ვერასდროს დადგინდება, ვინ დგას ამ ძარცვის უკან,  ამიტომ გამომძიებელი ჟურნალისტი ოპერატორს ეუბნება, რომ  ბარათიდან ფულის დაკარგვის ეშინია, მონაცემებს სისტემაში ვერ შეიყვანს, თუმცა მზად არის ფული მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს.  სწორედ აქ უშვებენ თაღლითური ჯგუფის წევრები საბედისწერო შეცდომას. ოპერატორისგან გამომძიებელ ჟურნალისტებთან  ორი ქართული ბანკის ანგარიშის ნომერი მოდის. შესაბამისად, შაბათის ეთერის  ხელშია ორი მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეების ანგარიშებს ქართველების ძარცვისთვის იყენებოდნენ. მეტიც, აზარტში შესულმა ქოლ-ცენრის ოპერატორმა "მსხვერპლს" მოკავშირის პირადი ნომერიც გადასცა. 

ქოლ-ცენტრებიდან "შაბათის ეთერისთვის" გამოგზავნილი საბანკო ანგარიშებით და პირადი ნომრით გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიაგნეს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვის ანგარიშებსაც თაღლითები იყენებენ.

ერთი- ერთ 42 წლის კახაბერ ჩუგინაოვია. კაცი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და თავს ხელოსნობით ირჩენს.  მისი ოჯახის წევრებთან გასაუბრების შემდეგ, რჩება განცდა, რომ ქანდელ ჩუგიანოვს მცირე  გასამსჯელოს სანაცვლოდ ბანკში ანგარიში გაახსნევინეს, თავად კი არაფერი იცის ვინ რას ატრიალებს მის ანგარიშზეც. 

კახაბერ ჩუგიანოვი ერთადერთი არაა, ვის საბანკო ანგარიშსაც ე.წ. ქოლ-ცენტრი ძარცვისთვის იყენებს. შემდეგია ზოომაღაზიის გამყიდველი, რუსუდან თავართქილაძე ბათუმიდან.  

თავართქილაძე ადასტურებს, რომ მისი ანგარიშის გამოყენების უფლება ქოლ-ცენტრს თავად მისცა, რადგან ფულს დაჰპირდნენ, თუმცა ამტკიცებს, რომ არ იცნობს ხალს, ვისაც საბანაკო ანგარიშის განკარგვა მიანდო. 

"შაბათის ეთერმა" ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობა 2022 წლის 9 ნოემბერს დაიწყო, ბოლო ჩანაწერი 2023 წლის 19 აპრილით თარიღდება. რაც ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მინიმუმ 6 თვეა უმსხვილესი ნავთობკომპანიის სახელით ძარცვავენ. 

ჩნდება კითხვა, მფარველებს გარეშე, შეძლებდნენ თუ არა ამას? - კომპანია "სოკარში" ამბობენ, რომ მათ სახელით თაღლითობის ამბავი 2023 წლის დეკემბერში პოლიციას აცნობეს.

ვინ დგას, ხალხის ძარცვის უკან და ჰყავთ თუ არა მათ მფარველები ხელისუფლებაში, ფაქტები კითხვებს აჩენს და ორ დასკვნამდე მივყავართ - ან სამართალდამცავი სისტემა ქოლ-ცენტრების სისტემურ დანაშაულზე ვიღაცის ინტერესის გამო თვალს ხუჭავს, ან ქვეყანაში სისტემა უბრალოდ არ მუშაობს.

საუკუნის ძარცვის დეტალები - ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში

 

მსგავსი სიახლეები