შეწყალებაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია, დარწმუნებული ვარ, ჰელსინკის კომისიის წერილსაც გაითვალისწინებს - ელჩი
შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტის მისაღებია - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჰელსინკის კომისიის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს.
"დარწმუნებული ვარ, ის ყველა ასეთ მოთხოვნას, მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას "- თქვა ელჩმა.
დეგნანის თქმით, ჰელსინკის კომისია დიდი ხანია, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია.
„ჰელსინკის კომისია გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც პატივს სცემენ და მას აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რათა მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედია თავისუფლებას. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, ისევე როგორც ბევრი სხვა, მათ შორის საელჩო, იმ შეშფოთების შესახებ, რომელიც გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და შესაბამისად, მსჯავრის და გადაწყვეტილების თაობაზე.
ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია, საქართველოს მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერია მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ცხადია, შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა ასეთ მოთხოვნას და მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას“, - თქვა კელი დეგნანმა.