მნიშვნელოვანია, წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის რეფორმების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს წახალისებაა საჭირო. ბოგდან აურესკუს თქმით, სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ილია დარჩიაშვილის მიწვევას.
მივესალმები, რომ ჩვენი კოლეგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დღეს ჩვენთან არის. მე მხარი დავუჭირე მის მოწვევას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რადგან მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.
ბრიუსელში ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. განხილვის მთავარი თემა საქართველო და ქვეყნის უსაფრთხოებაა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც ესწრება.