"ძალიან არაშთამბეჭდავი და მოსაწყენი" - "რადიო თავისუფლების" წყაროები ლუქსემბურგში დარჩიაშვილის შეხვედრაზე
„ძალიან არაშთამბეჭდავი და მოსაწყენი. იყო ცარიელი დაპირებები და არ გაეცა პასუხი საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს" - ასე აფასებენ "რადიო თავისუფლების" წყაროები ლუქსემბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას.
შეხვედრის შესახებ ილია დარჩიაშვილის კომენტარი გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა. როგორც მინისტრმა თქვა, მან შეხვედრაზე აქცენტი გააკეთა ევროკავშირის 12 პირობაზე.
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეული იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბორელი. ჩვენ მოგვეცა ამ შეხვედრაზე შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ურყევ გზაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენს ძალისხმევაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ გაატარა. რა თქმა უნდა, აქცენტი გავაკეთეთ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია დღეს ჩვენი, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეულ საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჰქონდათ ინტერვენციები, მათ ჰქონდათ კითხვები, რომელზეც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგვეცა პასუხი. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, - განაცხადა მინისტრმა.
დარჩიაშვილის თქმით, მისი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ემსახურებოდა პარტნიორების კითხვებზე ინფორმაციის მიწოდებას.
„ჩემი ამ შეხვედრაში მონაწილეობა ემსახურებოდა, რომ კითხვები, რომელიც აქვთ კოლეგებს, რომელთაც აინტერესებთ ჩვენთან გატარებული რეფორმების ეფექტიანობა, რეფორმები, რომლებმაც, რა თქმა უნდა, კიდევ უნდა გააძლიერონ. ჩვენი ქვეყანა, მათთვის საინტერესო იყო და ჩვენ შეძლებისდაგვარად ვესაუბრეთ მათ ყველა ამ მნიშვნელოვან საკითხზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.