სალომე სამადაშვილი "ოცნებას": შეწყვიტეთ ევროპული მომავლის საბოტაჟი!
საქართველოს მთავრობის საზღვარგარეთ ვიზიტებსა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება.
დეპუტატი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ანტიდასავლურმა და ანტიევროპულმა პროპაგანდამ არ იმუშავა, ქართველმა ხალხმა პირდაპირ თქვა, რომ მისი ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია ევროკავშირთან.
"მე მსურს, რომ გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც გუშინ დაადასტურა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომ რუსეთის და მათ მოკავშირე ქართული ოცნების ანტიდასავლურმა და ანტიევროპულმა პროპაგანდამ არ იმუშავა და ქართველმა ხალხმა ძალიან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მისი ქვეყნის მომავალი დაკავშირებული არის ევროკავშირთან და იცის, რომ მშვიდობა კეთილდღეობა დაცულობა არის სწორედ დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის წარმატებით გაწევრიანებასთან ევროკავშირში"- თქვა სამადაშვილმა.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ ქალაქებში "სრული პოლიტიკური კრახი განიცადა":
ამ ვიზიტების შედეგები შეგვიძლია ჩვენ აღვწეროთ ერთი სიტყვით - სრული პოლიტიკური კრახი. სამწუხაროდ, ეს ვიზიტები ძალიან დიდი საფრთხეა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. საზოგადოებამ იცის, რომ უახლოეს კვირებში უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირის შუალედური შეფასება, როგორ ასრულებს ქვეყანა იმ მოთხოვნებს, რომელიც ევროკავშირმა წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ არცერთი შეხვედრის შემდეგ, არც პრემიერ-მინისტრის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის და არც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების შედეგად, ვერ მოვისმინეთ ვერცერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება, ის განცხადება, რომელიც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება და რა უნდა ყოფილიყო ეს განცხადება? - რა თქმა უნდა საქართველომ დიდწილად უკვე შეასრულა ყველა მოთხოვნა და ამიტომ მოლოდინი აქვთ, პოზიტიური, რომ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ამის ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები, რომ ბურთი არის საქართველოს ხელისუფლების მოედანზე, რომ დღემდე შეუსრულებელი რჩება ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნები, რაც უკავშირდება კანონის უზენაესობას, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას და ა.შ. და მეტიც, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა პრემიერ-მინისტრთან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, პოზიტიური სათქმელი მას არაფერი არ ჰქონდა და ჩვენ ვნახეთ, რომ ერთადერთი შეფასება, რაც კეთდება არის მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტიანი მოთხოვნები" - განაცხადა დეპუტატმა.
"ლელოს" წევრი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "შეწყვიტოს ევროპული მომავლის საბოტაჟი":
ამიტომ მე მინდა, მოვუწოდო, მათ შორის ხელისუფლებას შეწყვიტეთ ევროპული მომავლის საბოტაჟი. მომავალ კვირას, პარლამენტში კენჭი უნდა ვუყაროთ და დავამტკიცოთ საგამოძიებო კომისის შექმნას მოსამართლეების კლანის კორუფციის თაობაზე. იმიტომ, რომ დიახ, სწორედ ეს არის რასაც გულისხმობს ევროკავშირი, როდესაც ამბობს, რომ რეფორმები უნდა გატარდეს. ყველა პუნქტთან დაკავშირებით 12 პუნქციანი მოთხოვნების. ოპოზიციას აქვს წარმოდგენილი კონკრეტული ხედვა რა უნდა გაკეთდეს და დღეს, როდესაც სულ 6 თვე რჩება საბოლოო გადაწყვეტილებამდე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას დაიწყოს ამ მოთხოვნების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" ელოდება სრული პოლიტიკური განადგურება იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანაში ქართველი ამომრჩევლის 90%-ს მიაჩნია, რომ მთავარი პრიორიტეტი მათთვის ეს არის სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირი გაწევრიანება, რომელსაც დღეს გზად ეღობება ქართული ოცნება" - სალომე სამადაშვილი.