ტაქსები ავტობუსის ზოლში - "ლელო" მერიის გადაწყვეტილებას მავნებლურს უწოდებს
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ტაქსებისათვის ბასლაინზე სიარულის ნებართვის გაცემას მავნებლურ ინიციატივას უწოდებს და ამბობს, რომ ეს სატრანსპორტო რეფორმას შეაფერხებს.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ სატრანსპორტო ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაართულებს.
ბუაძე თბილისის მერიას მოუწოდებს, წარმოადგინოს ის გათვლები და კვლევები რომლის მიხედვითაც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება და ოპოზიციონერი ასევე ითხოვს დასაბუთებას რომ ტაქსების ავტობუსების ზოლში მოძრაობას დამატებით არ შეაფერხებს და არ გაზრდის დაყოვნების დროს.
„მინდა გამოვეხმაურო, თბილისის მერიის ახალ ინიციატივას, რომელიც შეეხება ტაქსებისათვის ბასლაინზე სიარულის ნებართვის მიცემას. ეს არის მორიგი გაუაზრებელი და მავნებლური ინიციატივა, რომელიც მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას შეაფერხებს და დამატებით პრობლემებს შეუქმნის, მაშინ, როდესაც მთელი ქალაქი ელოდება ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანას. ბასლაინების დახაზვის და 18 მეტრიანი ავტობუსების შემოსვლა იმისთვის, რომ თბილისში ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ადამიანები სწრაფად და ეფექტურად გადაადგილდნენ, თბილისის მერმა შემოიტანა ახლა მორიგი პოპულისტური და ძალიან მავნებლური და გაუაზრებელი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც A კლასის ტაქსებს უფლება მიეცემათ, რომ იმოძრაონ ბასლაინებში და ავტობუსის ზოლებში.
ეს არის გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ სატრანსპორტო ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაართულებს, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ის სატრანსპორტო ქაოსი, რომელიც თბილისში არის და ეს ქაოსი ახლა გავრცელდება ბასლაინებზე და ავტობუსის ზოლებზე, რომელიც წესით ყველაზე უფრო მოწესრიგებული და გამართული ნაწილი უნდა იყოს ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის.
თქვენ იცით, რომ თბილისში დაგეგმილი არის ჯამში 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა ავტობუსებისათვის და მათი სატრანზიტო დერეფანში უნდა იმოძრაოს 18 მეტრიანმა ავტობუსებმა და ნაცვლად იმისა, რომ კალაძემ იზრუნოს თავისი 3 წლით დაგვიანებული არსებული ინიციატივის შესრულებაზე და ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს ბასლაინების სრულად დახაზვა და 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, ჩვენ ახლა მივიღეთ ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ტაქსებს უფლება მიეცემათ თან არა ყველ ტაქსის არამედ A კლასის კატეგორიის ტაქსებს უფლება მიეცემათ, რომ იმოძრაონ ბასლაინებში, რაც ძალიან დიდი ალბათობით გაზრდის დაყოვნების დროს ერთი წერტილიდან მეორემდე, კიდევ უფრო მეტად გაართულებს და დატვირთავს ბასლაინებს, რომელიც საკმაოდ დატვირთული არის ისედაც და სატრანსპორტო რეფორმას დამატებით ჩრდილს მიაყენებს.
მე მინდა თბილისის მერიას აქედან მივმართო და მოვუწოდო, რომ წარმოადგინონ ის გათვლები და კვლევები რომლის მიხედვითაც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება და დაუსაბუთონ საზოგადოებას, რომ ტაქსების ავტობუსების ზოლში მოძრაობას დამატებით არ შეაფერხებს და არ გაზრდის დაყოვნების დროს" - ამბობს საბა ბუაძე.