პროდასავლურ ოპოზიციაში დიდი გაერთიანება უნდა იყოს - ხაბეიშვილის თქმით, ენმ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის მზად არის
"ნაციონალუი მოძრაობა" ნებისმიერი თანამშრომლობისთვის მზად არის - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის დიდი გაერთიანების მომხრეა:
"ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვხედავ, რომ პროდასავლურ ოპოზიციაში დიდი გაერთიანება უნდა იყოს. ნაციონალური მოძრაობა ნებისმიერი თანამშრომლობისთვის მზადაა. ეს ჩვენ დავამტკიცეთ 7-8 მარტს რუსულ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ყველასთან ერთად ფიზიკურად ვიბრძოდით პარლამენტში.
დავამტკიცეთ, როცა 9 აპრილს, ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია გვქონდა, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ იქ სიტყვით გამოვიდა გიორგი მარგველაშვილი. რომ გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები"- განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, "რუსული ოცნების" წინააღმეგ ბრძოლაში და მოქალაქეების საკეთილდღეოდ, ნებისმიერ თანამშრომლობას განიხილავს:
იმ თემებზე, როგორიც არის, საქართველოს ევროპული მომავალი, არა რუსულ მთავრობას, არა რუსულ კლანს სასამართლოში, კობახიძისა და საქართველოს მოღალატეების დასანქცირების საკითხი, დიახ, ვიქნებით ერთიანი.
რაც შეეხება ერთობას, შეიძლება, ვინმე ერთობას ფიქრობდეს, რომ აი, მაინცდამაინც ყველა ერთ ბლოკსა და პარტიაში უნდა იყოს. ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ, მე ნებისმიერი სახის თანამშრომლობას განვიხილავ. თუნდაც, ეს იყოს ოფიციალური გაერთიანებები, ან საერთო საპარლამენტო სია"- ამბობს ხაბეიშვილი.