შეიარაღებული თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე და ოკუპაცია და გატაცებები - ერგნეთის მორიგი შეხვედრა იმართება
ერგნეთში შეხვედრის ფარგლებში რიგით 112-ე შეხვედრა იმართება. განსახილველ საკითხებს შორისაა, სოფელ ჭვრინისთან მომხდარი ინციდენტი, როცა ოკუპანტები საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარს ძაღლის სახელით ხელებს უბამდნენ და ფიზიკურად ძალადობდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ მათი პოზიცია მკაცრი იქნება.
"ძირითადი აქცენტი და მთავარი განსახილველი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე გახლავთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რათა თითოეული მათგანი დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ყურადღება გამახვილდება თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ზოგადად ჰუმანიტარული დატვირთვის მქონე საკითხები იქნება გააქტიურებული. ჩვენი პოზიცია, იქნება უაღრესად მკაცრი და შეურიგებელი ჭვრინისში მომხდართან დაკავშირებით. დაუშვებელია მსგავსი ფაქტი, როდესაც ჯერ ერთი იყო უკანონო დაკავების მცდელობა, რა დროსაც მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება. ამგვარი ქმედება არის დაუშვებელი" - ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება. უსაფრთხოების გარდა მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.