პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - დარჩიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგას, ზბიგნევ რაუს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.
დარჩიაშვილის განმარტებით, პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ ასევე საერთო ინტერესები და მისწრაფებები. ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება პოლონეთის უანგარო თანადგომა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. დაუვიწყარია საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დღესაც პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების საქმეში და სწორედ ბატონი მინისტრი რაუს ვიზიტი საქართველოში კიდევ უფრო გააძლიერებს ამ თანამშრომლობას და პარტნიორობას. ჩვენი თანამშრომლობა მრავალგანზომილებიანია. გარდა იმისა, რომ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, ასევე ვთანამშროლობთ ბევრი მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გვახარებს, რომ გვყავს პოლონეთი, ასეთი ძლიერი მეგობარი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.