ნანა ტოხვაძე : განათლების მინისტრმა კვლავ „სისტემის“ სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და არა მოსწავლე/მასწავლებლის
"სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე განათლების მინისტრს მოსწავლე-მასწავლებლებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ახალმა მინისტრმა კლავ სისტემის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების "ავადსახსენებლი" სქემის სიკეეთეების არგუმენტირება კი ვერ შეძლო. მისი თქმით, სამინისტრო ქაოტურ ექსპერიმენტებს აგრძელებს და მასწავლებლების პროტესტი არ ესმის.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პედაგოგებს სრულ ხმარდაჭერას უცხადებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, განათლების ახალმა მინისტრმა ისევ “სისტემის” სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და არა მოსწავლე/მასწავლებლის, განათლების ხარისხისა თუ ბავშვზე ორიენტირებული სწავლების სასიკეთოდ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ავადსახსენებელი სქემის სიკეთეებზე ძნელად მოიპოვება არგუმენტები, ხოლო მის ხელისშემშლელ ეფექტებზე მრავალ არგუმენტს მოისმენთ მასწავლებლებისგან.
საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებული სამინისტრო ქაოტურ ექსპერიმენტებს აგრძელებს და მასწავლებელთა არგუმენტირებული პროტესტის ფონზე პორტფოლიოს ატვირთვის ვადას 1 ივნისამდე ავადებს. ამილახვარმა ამითაც დროში მოიგო და სტატუსების მინიჭების, შესაბამისად ხელფასის მატების, ვადებიც გაახანგრძლივა. ხოლო სამართლიან მოთხოვნას, პორტფოლიო მასწავლებლების თვითგანვითარების ინსტრუმენტი ყოფილიყო და არა სტატუსის მიმნიჭებელი მექანიზმი უკუაგდო და ზურგი აქცია.
მინდა გავამხნევო მასწავლებლთა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც შეეჯახნენ მახინჯ, ყრუ, დამყაყებულ და მკაცრად ცენტრალიზებულ სისტემას. ეს მათი მარცხი არ არის, – გამოცდილებაა! რადგან, სამწუხაროდ, მოქმედ პოლიტიკურ ვერტიკალს ჯანსაღი კრიტიკა, არგუმენტები, პოზიტიური სასკოლო გარემო, განათლების ხარისხი და მასწავლებლის ღირსება ნაკლებად ადარდებს! ძალას უნდა ხედავდნენ, თავებს უნდა ითვლიდნენ რომ უკან დაიხიონ, შეისმინონ და გაითვალისწინონ მასწავლებელთა ხმა!, - ამბობს ნანა ტოხვაძე.