რატომ არ მოაწერეს ხელი უკრაინელი ბავშვების მხარამჭერ რეზოლუციას? - "ოცნება" კითხვამ გააღიზიანა
რატომ არ დაუჭირა მხარი "ოცნებამ" უკრაინელი ბავშვების რუსეთში ძალადობრივი დეპორტაციის წინააღმდეგ რეზოლუციას? - გივი მიქანაძე ამბობს, რომ საქართველოს დელეგაციას უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეები ჰქონდათ მოსაგვარებელი.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ოპოზიციას და კრიტიკულ მედიას სპეკულაციებში ადანაშაულებს.
გუშინ წამოვედით, დღეს დილას მინისტრთან გვქონდა სამუშაო შეხვედრა, კომიტეტი გვაქვს და ა.შ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მინისტრი როდესაც მოდის, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის სამუშაო ფორმატი, რომელიც იყო 1 თვით ადრე დაგეგმილი და არის კონკრეტული რაღაცა მიზნები, რომელსაც ჩვეულებრივი საპარლამენტო საქმიანობა ეხება. ამიტომ, მორჩით ამ მანიპულაციურ განცხადებებს. ეს არის სპეკულაცია, რომელიც აწეული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და თქვენ ხელს უწყობთ ამას. ეს ვიზიტი დასრლდა გუშინწინ და გამოვემგზავრეთ, მაგრამ ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაცა არ ვუერთდებით, ეს არის სრული სპეკულაცია, - ამბობს მიქანაძე.
საქართველოს ხელისუფლებამ უკრიანელი ბავშვების რუსეთში ძალადობრივი დეპორტაციის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტზე, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გუშინ მიიღეს, საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება. არადა, სტრასბურგში "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერი იყო ჩასული, თუმცა ისინი იქიდან სწორედ მაშინ წამოვიდნენ, როდესაც უმაღლესი ტრიბუნა უკრაინელი ბავშვების მხარამჭერ რეზოლუციას იღებდა.