სააკაშვილის, გვარამიას საქმეები და 12 პუნქტის შესრულება - რაზე ისაუბრეს პოლონელმა მინისტრმა და ოპოზიციამ?
პოლონელი მინისტრისა და ოპოზიციიის შეხვედრა დასრულებულია. თანახმაა თუ არა საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანაზე? - ეს იყო ის ცენტრალური კითხვა, რომელიც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ზბიგნევ რაუს დაუსვა.
დახურული შეხვედრიდან გამოსული ქართველი პოლიტიკოსები დეტალების შესახებ არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მიიღეს დაპირება, რომ პოლონეთი პირობების შესასრულებლად "ოცნებაზე" ზეწოლას გააძლიერებს.
ძალიან აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ მიშა სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს, მისი სიცოცხლე გადარჩეს, ჯანმრთელობა გამოსწორდეს. ამასთან დაკავშირებით განხორციელდა უკვე არაერთი ვიზიტი, მაგრამ ვიზიტებს მიღმა ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია რუსული ოცნების მთავრობასთან, - თქვა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ენმ-ს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა.
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი ნიკა გვარამიას და მართლმსაჯულების საკითხებსაც შეეხო.
ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, მაგალითად, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებით საბოტაჟი მოუწყო ევროპულ მომავალს ამ ქვეყნის ხელისუფლებამ და პოლიტიზებული მართლმსაჯულება რჩება გამოწვევად, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნება სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაცია მოხდეს, მაგრამ ამის მიღმა, დღეს, საქართველოს არ აქვს შესრულებული არცერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ევროკავშირის 12 პუნქტიდან, - თქვა სალომე სამადაშვილმა.
"ევრპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია საქართველო პროევროპული ხელისუფლება ჰყავდეს, ამისთვის კი პოლონეთის მხარდაჭერაა საჭირო.
ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს მოქალაქეების, რომ მოვიყვანოთ ხელისუფლებაში პროევროპული მთავრობა დემოკრატიული გზით და ჩვენ დაგვჭირდება პოლონეთის მხარდაჭერა და მანდ შემიძლია თავს უფლება მივცე, რომ ეს მხარდაჭერა გვექნება, ჩვენი ისტორიული მისიის შესასრულებლად, ნატოში გასაწევრიანებლად, ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თავისუფალ სამყაროში დასაბრუნებლად", - თქვა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას, ასევე პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა.