ღარიბაშვილის მამის ბიზნესი - "შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება
პრემიერის მამის ღვინის ბიზნესი - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქონება, რომელიც წლების განმავლობაში სხვების სახელზე ჰქონდა გადამალული ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წლის 7 თებერვალს გადმოიფორმა. ახლა ირაკლი ღარიბაშვილის მამა ღვინის ბიზნეს ინდუსტრიის ოფიციალური მფლობელი გახდა.
დედოფლისწყაროში თემის გასარკვევად ჩასულ გადამღებ ჯგუფს ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნეს პარტნიორი, ნუგზარ ალუღიშვილი განსაკუთრებული აგრესიით დახვდა და შაბათის ეთერის კამერის დამტვრევა სცადა.
ტარიელ ღარიბაშვილისთვის გადაფორმებული ბიზნეს წილების შესახებ დასმული კითხვისთანავე, ნუგზარ ალუღიშვილმა ჯერ კამერის დამტვრევა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა შაბათს ეთერის ოპერატორს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა.
რაც შეეხება პრემიერის მამის ბიზნესს, 13300 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე აშენებულ ქარხანაში, თანამედროვე დანადგარები და საწარმოო ხაზია დამონტაჟებული. აეროგადაღების კამერაში ჩანს, უჟანგავი ფოლადის ღვინის 4 რეზერვუარი ამ ბიზნესის 50% წილი ტარიელ ღარიბაშვილმა 200 000 ლარად იყიდა. ანუ პრემიერის მამა დიდი ბიზნესის მფლობელი, ერთ მანქანის ფასად გახდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანია "ქართული ფესვების" წილის 50% მფლობელი 7 თებერვლიდან ტარიელ ღარიბაშვილია. 50 % კი თამარ ალუღიშვილი ფლობს. თამარ ალუღიშვილი ნუგზარ ალუღიშვილის ქალიშვილია.
ტერიტორია, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სადაც ეს ქარხანა აშენდა, სახელმწიფოს საკუთრება იყო. 2019 წელს ეს ორი მიწის ნაკვეთი და ორი შენობა, დედოფლის წყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა კოოპერატივ "ხორნაბუჯს" 21 ათას 200 ლარად მიყიდა. ანუ კვადრატულ მეტრი მიწა თავისი ორი შენობით ერთ ლარად და 80 თეთრად. "ხორნაბუჯმა" მიწა ქართლ ფესვებზე გააფორმა, ქართლი ფესვების 50% წილის მფლობელი კი ახლა უკვე პრემიერის მამა გახდა.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია ქართული ფესვები, რომელიც ახლა ღარიბაშვილის მამის სახელზე უკვე ოფიციალურად გაფორმდა, ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა.