პრემიერი ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობას პრორუსულ ჯგუფებთან ერთად მიიღებს - "ლელო"
საქართველოს პრემიერი ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობას პრორუსულ და ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთად მიიღებს. ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე "ლელოს" წევრმა გრგოლ გეგელიამ გაასაჯაროა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვალსაჩინოებისთვის მედიას დისკუსიის მონაწილე პირების ვინაობაც დაუსახელა.
გეგელიას განცხადებით, დისკუსიის მონაწილეების დიდი ნაწილი უკრაინაში რუსულ აგრესიას ამართლებს , ზოგიერთი კი სეპარატისტებთან კავშირშია მხილებული. ისინი ცხინვალსა და აფხაზეთში დადიან და დეფაქტო მთავრობების ხელმძღვანელებს ხვდებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში რადიკალ კონსერვატორთა შეკრებაში მონაწილეობას გეგმავს. ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე საზოგადოებას ატყუებენ, როდესაც ამბობენ, რომ ეს არ არის ანტიდასავლური კონფერენცია. მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არის კონფერენცია, რომელსაც ტრადიციულად ესწრებიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისევე როგორც კანონის უზენაესობის და დემოკრატიის მტრები.
რა აერთიანებს კონსერვატორთა ჯგუფს, რომელიც ბუდაპეშტში კონფერენციაზე შეიკრიბება? პირველი: ეს არის ბრიუსელის და ევროკავშირის მტრობა. მეორე: ეს არის სწრაფვა ავტორიტარული მმართველობისაკენ. მესამე: ეს არის შიშებსა და შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული რადიკალური პოპულიზმი. საილუსტრაციოდ, მინდა საზოგადოებას წარვუდგინო უნგრული კონფერენციის რამდენიმე მონაწილე. ჯუდიტ ვარგა, უნგრეთის იუსტიციის მინისტრი მმართველ პარტია „ფიდეშს“ წარმოადგენს, რომლის მმართველობის წლებსაც უკავშირდება დემოკრატიის და კანონის უზენაესობის რადიკალური უკუსვლა, ერთპარტიული მმართველობა, ევროპული კავშირის საერთო პოლიტიკასთან მუდმივი დაპირისპირება. კონფერენციის პოსტერზე, ვარგა საკუთარ თავს აღწერს, როგორც „ბრიუსელის ბიუროკრატების კოშმარი“. ჰერბერტ კიკლი, ავსტრიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე - ევროსკეპტიკოსი, რომელიც ებრძვის ევროპულ კავშირს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას. მისმა პარტიამ 2016 წელს ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას პუტინის მმართველ პარტია „გაერთიანებულ რუსეთთან“. პარტია ტრადიციულად მხარს უჭერს კრემლის მიერ წარმოებულ პოლიტიკას. დადასტურებულია, რომ ავსტრიის თავისუფალ პარტიას არაერთხელ მიღებული აქვს მსხვილი დაფინანსება კრემლიდან. მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინაში ბარბაროსული და დანაშაულებრივი ომი წამოიწყო, ავსტრიის თავისუფლების პარტია 30-მდე პრორუსული საპარლამენტო წინადადებით გამოვიდა. სულ ახლახან, პარტიის დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომათა დარბაზი ავსტრიის პარლამენტში ზელენსკის ჩართვისას. სიმონე ბილი, პარტია „ლეგა ნორდის“ დეპუტატი იტალიის პარლამენტში - ლეგა ნორდი შემჩნეულია კავშირებში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე. წ. ლიდერებთან. მაგალითად, 2015 წელს ლეგა ნორდის მიწვევით იტალიაში ვიზიტით იმყოფებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ბიბილიოვი, რომელიც აცხადებდა, რომ პარტიის ლიდერებისგან დაპირება მიიღო იტალიის პარლამენტში "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით დისკუსიების დაწყებაზე. ავსტრიელი კოლეგების მსგავსად, 2017 წელს მისმა პარტიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს პუტინის მმართველ პარტია, "გაერთიანებულ რუსეთთან". სალვინი აკრიტიკებს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. იანეშ იანშა, სლოვენიის ყოფილი პრემიერი - ნასამართლევი კორუფციაში. მისი მმართველობის დროს სლოვაკურმა დემოკრატიამ და კანონის უზენაესობამ სერიოზული უკუსვლა განიცადა. იზღუდებოდა მედიის თავისუფლება, ხორციელდებოდა თავდასხმები კრიტიკულ ჟურნალისტებზე, იზღუდებოდა სამოქალაქო თავისუფლებები, დასუსტდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, ემხრობოდა ტრამპისტული შეთქმულების თეორიებს. იოვან პალალიჩი, "სერბეთის სახალხო პარტიის" გენერალური მდივანი - ემხრობა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეწინააღმდეგება ევროპულ კავშირსა და აშშ-ს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.
მაშინ, როდესაც საქართველო ევროპისკენ უნდა მიდიოდეს, სწორ იდეალებს უდნა ნერაგვდეს, მთავრობა დადის ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსებთან. ეს არის „ოცნების“ რალური ღირებულებები და დღის წესრიგი: „ შროს ევროკავშირისგან , ახლოს - რუსეთთან“ და სწორედ ეს გახდება საფუძველი „ქართული ოცნების“ გარიცხვის ევროპელი პოლიტიკოსების ოჯახიდან, ისევე, როგორც EEP- დან გარიცხეს ღარიბაშვილის უნგრელი მასპინძელი ვიქტორ ორბანი და მისი პარტია „ფიდეში“, - განაცხადა გეგელიამ.