არ შეიძლება ხელისუფლება ჟურნალისტებზე ძალადობას ნერგავდეს - დავით ჭიჭინაძე

30.04.23 15:43
არ შეიძლება ხელისუფლება ჟურნალისტებზე ძალადობას ნერგავდეს - დავით ჭიჭინაძე

"ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ხმაურიან რეპორტაჟს, რომელიც კახეთში პრემიერის მამის ბიზნესსაქმინობას ეხება, ოპოზიციაში ეხმიანებიან. "ტრიბუნად" ლიდერი დავით ჭიჭინაძე პრობლემას სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და მიწების იაფად შესყიდვაში ხედავს. 

ამასთან, ოპოზიციის წევრი ყურადღებას რეპორტაჟის გაკეთების დროს გამომძიებელ ჟურნალისტებზე თავდასხამს გმობს და ამბობს, რომ მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, რას საქმიანობს მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი. 

ყველაფერი რომ იყოს კანონიერად გაკეთებული, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს მოერიდებოდა, იმიტომ, რომ არავის აქვს აკრძალული ბიზნესსაქმიანობების გაწევა, მაგრამ ზუტად ის არის, რომ სახელმწიფო ფული, სახელმწიფო ქონება, იაფად შესყიდული, სახელმწიფო ქონების გამოყენება, ეს არის, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო და არამისასალმებელი. არ შეიძლება ხელისუფლება ნერგავდეს ქვეყანაში ჟურალისტებზე ძალადობას, იმიტომ, რომ ზოგადად, საზოგადოებას, მოსახლოებას აქვს უფლება იცოდეს, რით არის დაკავებული პოლიტიკური მოღვაწეების ოჯახის წევრები, - ამბობს ჭიჭინაძე. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქონება, რომელიც წლების განმავლობაში  სხვების სახელზე ჰქონდა გადამალული ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წლის 7 თებერვალს გადმოიფორმა. ახლა ირაკლი ღარიბაშვილის მამა ღვინის ბიზნეს ინდუსტრიის ოფიციალური მფლობელი გახდა.

 13300 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე აშენებულ ქარხანაში, თანამედროვე დანადგარები და საწარმოო ხაზია დამონტაჟებული. აეროგადაღების კამერაში ჩანს, უჟანგავი ფოლადის ღვინის 4 რეზერვუარი ამ ბიზნესის 50% წილი ტარიელ ღარიბაშვილმა 200 000 ლარად იყიდა. ანუ პრემიერის მამა დიდი ბიზნესის მფლობელი, ერთ მანქანის ფასად გახდა. 

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია ქართული ფესვები, რომელიც ახლა ღარიბაშვილის მამის სახელზე უკვე ოფიციალურად გაფორმდა, ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა.