ვაკის პარკის საქმე - სასამართლოში დღეს ტრასოლოგს გამოკითხვენ
ვაკის პარკის შადრევანში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ტრასოლოგს გამოკითხვას. ეს ის ექსპერტია, რომელმაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის შემდეგ შადრევანი გამოიკვლია და დაზიანებების ხარისხი აღწერა.
სპეციალისტი აუხსნის მოსამართლეს როდის და რა პირობებში დაზიანდა ელექტრო კაბელი, რომელმაც დენი გაატარა.
გასული წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).