"უცნობის" აქციაზე საჯარო მოხელეები მარნეულიდანაც ჩაიყვანეს

01.05.23 13:05
"უცნობის" აქციაზე საჯარო მოხელეები მარნეულიდანაც ჩაიყვანეს

გამგეობის თანამშრომლები,  საკრებულოს წევრები, საქალაქო სამსახურების და მერიის თანამშრომლები - ასობით ადამიანი "უცნობის" აქციისთვის მიკროავტობუსებით რეგიონებიდან ჩამოიყვანეს.

ვისი ფულით დაიქირავეს ტრანსპორტი? - ამ კითხვას მარნეულში არ პასუხობენ. "პირველება" კი დაადგინა, რომ დედაქალაქში წამომსვლელთა სიები წინასწარ იყო შედგენილი.  თბილისში გამომგზავრების  წინ სათითაოდ ითვლიდნენ მოქალაქეებს, რომ  ანტიდასავლურ აქციას ერთი ადამიანიც კი არ დაჰკლებოდა. 

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე "პირველებთან" ამბობს, რომ აქციაზე თავად არ იმყოფებოდამ თუმცა რესპუბლიკის მოედანზე მისი ოჯახის წევრები მივიდნენ. 

საჯარო მოხელე ამბობს, რომ ოპოზიცია "მშვიდობას უქმნის საფრთხეს". მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საჯარო მოხელეები თბილისში სპეციალური დავალებით არავის ჩაუყვანია: 

დავალება არ ყოფილა, მაგრამ ესენი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, აქვთ მაგათ სრული უფლება ნებისმიერ აქციას დაესწრონ მითუმეტეს, როდესაც ეს აქცია იყო დაკავშირებული მშვიდობასთან, რომ ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა. არ აქვთ უფლება დაესწრონ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები?

მე არ ვიმყოფებოდი აქციაზე, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ, ჩემი მეუღლე და შვილი იყო, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, რა არის ამაში ცუდს ხედავს რამეს?

მშვიდობა, რომ არის მაგ მშვიდობას სჭირდება შენარჩუნება, მაგრამ თქვენი ლიდერები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში აირიოს სიტუაცია, მაგალითად რადიკალური ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა"- განაცხადა ამირან გიორგაძემ. 

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე არ პასუხობს კითხვას, უცხადებს თუ არა ისიც პრეზიდენტს უნდობლობას აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად: "ეგ ჩემი საქმეა მე ვუცხადებ თუ არა, მაგრამ პასუხს მაგაზე ვერ გაგცემთ".