აზარაშვილი დედების პროტესტზე: არანაირად არ წაადგება პროცესს

01.05.23 16:33
აზარაშვილი დედების პროტესტზე: არანაირად არ წაადგება პროცესს

ჯანდაცვის მინისტრი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს მიმართავს. ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პროცესებმა სასამართლოში გადაინაცვლოს. 

მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებული პროცესები "საქმეს არ წაადგება": 

მინდა, მშობლებს კიდევ ერთხელ ვთხოვო და მოვუწოდო, გავაგრძელოთ შეთანხმებები და ყველა ის პროცესი, რაც აუცილებელია ამ იშვიათი დაავადებების მკურნალობის და მეთოდების ქვეყანაში დასანერგად, გავაგრძელოთ სამინისტროში, სამუშაო მაგიდასთან ყველა იმ ფორმატში, რომელი ფორმატების მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ იშვიათ დაავადებას მივხედოთ და პრობლემები მოვაგვაროთ. 

 თვითონაც ხედავენ, რომ ის, რაც დღეს და გასული დღეების განმავლობაში ხდება, არანაირად არ წაადგება ამ საქმეს და გაცილებით უკეთესია ჩვენთან ერთად სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობა", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, სამინისტროს არასდროს, არავისთვის უარი არ უთქვამს აღნიშნული იშვიათი დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით: 

ის საკითხი, რომ ბიუჯეტთან მიმართებაში არის პრობლემა, არასდროს დაფიქსირებულა და კიდევ ერთხელ ამას ვადასტურებ. ჩვენი სამინისტრო არცერთი დღე არ შეჩერებულა ამ მიმართულებით და რამდენიმე მხარესთან აქვს მუდმივი და უწყვეტი კომუნიკაცია"- დასძინა მან.