ეს დღე დაიმახსოვრეთ, ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში - დავით უსუფაშვილი

01.05.23 17:15
 ეს დღე დაიმახსოვრეთ, ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში - დავით უსუფაშვილი

ეს დღე დაიმახსოვრეთ, ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში, - ასე მიმართა  "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა "ქართულ ოცნებას".

განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეების სავარაუდო კორუფციაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭს აღარ  უყრიან. 

უსუფაშვილმა თქვა, რომ "ქართული ოცნება" უპრეცედენტო კანონდარღვევას ჩადის: 

ამ ფაქტმა გადაფარა ის ფაქტი, დარბაზი რომ ჩაგვიკეტეს და პრეზიდენტის მოწვეულ სხდომაზე არ შეგვიშვეს. რა ქნეს დღეს? - საგამოძიებო კომისიის საკითხი წაშალეს სიიდან, ამოვიღეთო ამ სიიდან და ხვალ რეგისტრაციას გავივლით კენჭსაყრელ საკითხებზეო. ოღონდ, ეს საკითხი სიაში აღარ წერია. მიზეზი ის არის, რომ არ მოგვწონს კომისიის შექმნაო.

ამბობენ, რომ ჩვენ ხომ ბევრნი ვართ ბიუროზე და ავწევთ ხელს, რომ სია მტკიცდება ამ საკითხის გარეშე და თქვენ თუ გინდათ დასვით საკითხი, რომ ხელახლა შევიტანოთო, რა უნდა შევიტანოთ, როცა შეტანილი იყო? ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც შევიდნენ, დგამენ გაცილებით მძიმე ნაბიჯს, ესაა ხელისუფლების უზურპაცია, აცხადებენ ბევრნი ვართ, ამ საკითხს წავშლით და არ დავაყენებთ არც ხვალ, არც ზეგ და არც მაზეგ, რამდენიც გინდათ მოიტანეთ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებები, რამდენიც გინდათ იყავით ოპოზიციაში, გინდა 67, გინდა 70 და 77, ვინაიდან, ბიუროზე ბევრნი ვართ, არ შევიტანთო.

„ოცნება“ ფართო ნაბიჯებით მიექანება უფსკრულისკენ, ჩვენ არ უნდა ჩავყვეთ და ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ უფსკრულს", - განაცხადა უსუფაშვილმა.