ოპოზიციას სურს შური იძიოს მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები უმძიმესი დანაშაულების გამო გაასამართლა - თალაკვაძე
პარლამენტის ვიცე- სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას სურს, "შური იძიოს მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები უმძიმესი დანაშაულების გამო გაასამართლა".
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, "რადიკალური ოპოზიციის გეგმაა, პარლამენტში გაასამართლოს სასამართლო", რაც მმართველი პარტიის ლიდერის შეფასებით, "წარმოუდგენელია დემოკრატიისთვის და იმ საკონსტიტუციო მოწყობისთვის, რასაც ჰქვია საპარლამენტო მოწყობა და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება".
თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციას სურს, პირდაპირ ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში:
სურთ დაბლოკონ სასამართლოს საკითხი, რადგან ის არის ევრორეკომენდაციების ნაწილი და ამით დაბლოკავენ შემდგომში კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემასაც. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს სჭირდებათ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის და შემდეგ ძალადობრივი ცვლილებებისთვის. აი ეს გეგმა ჰქონდათ, ამ გეგმის დაწყება უნდოდათ პარლამენტიდან, თუმცა, შევიდნენ პოლიტიკურ ჩიხში და ჩაუვარდათ ეს გაუგონარი ინიციატივა.
სინამდვილეში, რეგლამენტი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას ქმნის ოპოზიცია და უმრავლესობა ერთად, შესაბამისად, არანაირი გადახვევა აქ რეგლამენტიდან არ ყოფილა, წესების დაცვით მოხდა სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა და წესების დაცვით მიიღო ბიურომ გადაწყვეტილება,"- განაცხადა თალაკვაძემ.