მტრისთვის საჩუქარი სწორედ ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია - ბერაიას პასუხი აქუბარდიას
თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ საქართველოს უარი ნატოს სწავლებაში მონაწილეობაზე კოლოსალურ ხარჯებთან არის კავშირში. ირაკლი ბერაია ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა სამომავლო საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობას აქტიურად მიიღებს.
ამათან, ბერაია ოპოზიციის კრიტიკასაც პასუხობს და ამბობს, კრემლისთვის საჩუქარი სწორედ ქართულ პოლიტიკაში უპასუხისმგებლო პოლიტიკური სუბიექტების არსებობაა.
არის სწავლებები, სადაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი, ასობით სწავლება ტარდება და შესაძლოა, ყველა სწავლებაში არ იყოს მონაწილეობა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი კოლოსალურ ხარჯებთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოსთვის ეს დინამიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ როგორც საერთაშორისო სწავლებების მასპინძლობას, ასევე ამ სწავლებებში აქტიურ მონაწილეობას და პირველ რიგში, ეს ეხება ნატოს ეგიდით გამართულ სწავლებებს. ვიტყოდი, რომ ის განცხადებები, რაც კეთდება და მიზნად ისახავს საპირისპიროს მტკიცებას, არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და სწორედ მსგავსი განცხადებებია საჩუქარი ჩვენი ქვეყნის მტრისთვის. ასევე საჩუქარია უპასუხისმგებლო სუბიექტების არსებობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, - განაცხადაპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯომარე ირაკლი ბერაიამ.
საქართველო ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“ -ში (Defender 23) მონაწილეობას არ მიიღებს.
თავდაცვის მინისტრი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ საქართველო წელს 20 სხვა საერთაშორისო სწავლებაში იღებს მონაწილეობას, ხოლო „კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული“.