საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ - სარჯველაძე ნატოს წვრთნებში არმონაწილეობაზე
"ქართული ოცნების" ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ საქართველოს უარი ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე საგანგაშო არ არის. ამასთან, მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ კონკრეტულ საკითხე ინფორმაციას არ ფლობს და მიზეზებზე საუბარი გაუჭირდება.
პირველად ხდება თუ როგორ ხდება, ეს ამბავი, მემგონი, ცალკე შეფასებას მოითხოვს და მე მგონია, რომ ზუსტი ინფორმაციას შეიძლება არ გქონდეს, იმიტომ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული აქტივობები ხორციელდებოდეს და ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კონკრეტული მიზეზი კონკრეტულ შემთხვევაში მონაწილეობის არმიღებისა თუ მიღებისა რა შეიძლება იყოს, გამიჭირდება მე ამაზე ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ საგანგაშოს რომ ვერაფრეს ვხედავ, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, - ამბობს სარჯველაძე.
საქართველო ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“ -ში (Defender 23) მონაწილეობას არ მიიღებს.
თავდაცვის მინისტრი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ საქართველო წელს 20 სხვა საერთაშორისო სწავლებაში იღებს მონაწილეობას, ხოლო „კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული“.